ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის ჩანაწერის შეცვლის მოთხოვნით წულუკიანს მიმართეს

“ქალთა მოძრაობამ” იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სახელზე იუსტიციის სამინისტროში წერილი შეიტანა, სადაც ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის მოწმობებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების გამარტივებას ითხოვენ.

წერილი იუსტიციის სამინისტროში დეა ბახტურიძემ და მირანდა ფაღავამ შეიტანეს. მირანდა ფაღავა 8 მარტს გამართული აქციის სახე იყო. აქცია “მე ვარ ქალი – აღიარე” იუსტიციის სახლთან ანალოგიური მოთხოვნით გაიმართა.

აქციის შემდეგ პეტიცია შეადგინეს, რომლითაც იუსტიციის მინისტრს სთხოვენ გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის მოწმობებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ოპერაციების გარეშე, გენდერული დისფორიის დიაგნოზის საფუძველზეც შეეძლებათ.

პეტიციას ხელი 1000 ადამიანმა მოაწერა, დღეს ეს წერილი შეიტანეს სამინისტროში.

მირანდა ფაღავას მოთხოვნაა, კანონმდებლობაში შევიდეს რეგულაცია, რომ ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილება იოლი გახდეს.

“ეს პროცესი გახდეს ჰუმანური და სქესის შეცვლა გენდერული დისფორიის დასკვნის საფუძველზე ხდებოდეს”, – განაცხადა მირანდა ფაღავამ.

დეა ბახტურიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ღნიშნული წერილით ითხოვენ,  უფრო ჰუმანური გახდეს იურიდიულ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურა და პრაქტიკა.

ბახტურიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი კანონმდებლობა არ კრძალავს სქესის შეცვლას პირადობის მოწმობაში, მაგრამ არაჰუმანურია ის პროცედურა, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანებისგან სავალდებულო ოპერაციას ითხოვს.

იუსტიციის სამინისტრო სქესის კვლავ მინიჭების საბუთს ითხოვს იურიდიულ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად. 

“იუსტიციის ბრძანებაა საკმარისი, რომ ეს რეალობა შეიცვალოს და ვითხოვთ შეხვედრას მასთან მეტი კონსულტაციისთვის”, – აღნიშნა ბახტურიძემ. 

“ქალთა მოძრაობა” ელოდება მინისტრის პასუხს და ამ პასუხის მიხედვით დაგეგმავენ შემდეგში რეაგირებას, ოღონდ არა აქციის ფარგლებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com