ზაზა შათირიშვილი. ფოტო: რადიო თავისუფლება

მეურვეობის მსურველი ზაზა შათირიშვილი ადასტურებს, რომ საზმაუს დირექტორი მისი მეგობარია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მსურველი ზაზა შათირიშვილი ადასტურებს, რომ მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მისი მეგობარია. ბორდის წევრობის შესარჩევი კომისიის წევრმა სოსო გალუმაშვილმა (ჯეპრა) შათირიშვილს ჰკითხა, როგორ მოახერხებს ბორდში არჩევის შემთხვევაში საზმაუს მენეჯმენტის და მისი მეგობრის, გენერალური დირექტორის კონტროლს?

“ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი გაზრდილია, როგორც სტუდენტი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. მეტსაც გეტყვით: ჩემი ერთი შვილი მის მიერ არის მონათლული. როდესაც ის ქალაქის მერი იყო და იმ საათის ისტორია მოხდა, სახლში არ შემოვუშვი და იმის მერე გაწყდა ჩვენი მეგობრობა”, – განაცხადა შათირიშვილმა სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კომისიის სხდომაზე.

“მე ზურაბ ჭიაბერაშვილის მაგალითი შემთხვევით არ ვთქვი. ამის მერე დაიწყო რეპრესიები. მთელი 9 წელი ჩემი ყოფილი მეგობრების წინააღმდეგ ვიყავი. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ლევან რამიშვილი, ასევე, გიგა ბოკერია. თუ ის მოვახერხე, რომ ამათ დავუპირისპირდი, მე მგონი, ვასიკო მაღლაფერიძე არ იქნება პრობლემა. ყველას დავუპირისპრდები, ვისაც დავინახავ… არავისთან დაპირისპირება არ გამიჭირდება”, – ასე უპასუხა შათირიშვილმა უკვე შესარჩევი კომისიის მეორე წევრს სალომე უგულავას (ტაბულა).

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა − მეურვეთა კანდიდატურების შესარჩევი ღია კონკურსის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა. მეურვის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე 14 განაცხადია შესული:

  1. მალხაზ ასლამაზაშვილი
  2. ნინია კაკაბაძე
  3. დონარა შონავა
  4. ზაზა შათირიშვილი
  5. იზაბელა ოსიპოვა
  6. ხატია ყურაშვილი
  7. ზვიად დევდარიანი
  8. ბესო ლილუაშვილი
  9. ნათია სირაბიძე
  10. ვლადიმერ ბოჟაძე
  11. ია მამალაძე
  12. ნათია კობერიძე
  13. ბაია პატარაია
  14. დავით კორახაშვილი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com