ახალი ამბები

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილის საქმეზე გამოძიება შეაჩერა

13 მარტი, 2018 • 1833
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილის საქმეზე გამოძიება შეაჩერა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიება შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ 6 მარტს მიიღო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა NewsOne წერს.

გამოცემის თანახმად, პროკურატურის დადგენილებაში წერია, რომ წინასასამართლო სისხლისამართლებრივი გამოძიება სააკაშვილის წინააღმდეგ შეჩერებულია, რაც დასაბუთებულია იმ აუცილებლობით, “რომ პროცესუალური ქმედებები საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩოებში შესრულდეს”.

როგორც Interfax Ukraine მიხეილ სააკაშვილის ადვოკატზე, რუსლან ჩერნოლუცკიზე დაყრდნობით წერს, პროკურატურის მიერ სააკაშვილის საქმის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ უწყება ნაწილობრივ საქმის “დაუსაბუთებლობას” აღიარებს.

“გენერალური პროკურატურის ქმედებებში გარკვეული ფორმალისტური მიდგომები იკვეთება, რაც ჩანს იმაში, რომ ეჭვმიტანილს [მიხეილ სააკაშვილს] ჯერ უკრაინის საზღვრებიდან აგდებენ უკანონოდ, შემდეგ კი საერთაშორისო თანამშრომლობას ითხოვენ. იმ მიზნით, რომ მათ [უკრაინის ხელისუფლებას] რეპუტაცია არ დაეკარგათ, საქმის შეჩერება გადაწყვიტეს,” – განმარტავს ადვოკატი.

გამოძიების შეჩერებას თავად მიხეილ სააკაშვილიც ეხმაურება. პირად ფეისბუკ გვერდზე ის წერს:

“არა, მე ვითხოვ, რომ გაუქმდეს ეს “შეჩერება” და უკრაინაში დაბრუნების საშუალება მომეცეს, რათა საკუთარი თავი ბოლომდე დავიცვა. შემდეგ კი ვაპირებ, რომ ლუცენკოსა [გენერალური პროკურორი] და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის დაკავებას მივაღწიო,”.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/1880000135363692

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ რესტორანში 12 თებერვალს დააკავეს. სააკაშვილი გააძევეს პოლონეთში, საიდანაც ის უკრაინაში შევიდა 2017 წლის შემოდგომაზე. პოლონეთმა სააკაშვილი მიიღო, რადგან მას რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება ავალდებულებდა.

მიხეილ სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, მან საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ დაკარგა, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა, და უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო. უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი