ახალი ამბები

უსუფაშვილი: რუსეთმა ისარგებლა პრემიერის ემოციური გულწრფელობით გაჟღენთილი მიმართვით

13 მარტი, 2018 • 2396
უსუფაშვილი: რუსეთმა ისარგებლა პრემიერის ემოციური გულწრფელობით გაჟღენთილი მიმართვით

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის,, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება რუსეთის მიმართ შეცდომა იყო, რომელიც არ უნდა გავაღრმავოთ.

“რუსეთმა ისარგებლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ემოციური გულწრფელობით გაჟღენთილი და პოლიტიკური გათვლებისგან დაცლილი მიმართვით და ჩვეული ცინიზმით მკაფიოდ მიგვითითა, რომ:

  1. ზოგადად მოსკოვში, და არა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში, ყურადღებით გაეცნენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას;
  2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო მიმართვას რუსეთის მხრიდან შეესაბამება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის რიგითი კომენტარი;
  3. რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო იმ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე დარჩა;
  4. მიესალმებიან საქართველოს მზაობას, იყოს უფრო კონსტრუქციული ჟენევის პროცესის უახლოეს რაუნდზე;
  5. მათთვის აბსოლუტურად სულერთია, თავად პრემიერი ჩაერთვება ჟენევის პროცესში, თუ ვინმე სხვა უხელმძღვანელებს დელეგაციას;
  6. საქართველო, როგორც იქნა, გონს მოვიდა და მზადაა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი სახელმწიფოთაშორისი დიალოგი დაიწყოს;
  7. მოქალაქე ტატუნაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი საქართველომ სუვერენულ სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგით უნდა მოაგვაროს და ამაში რუსეთი ვერაფრით დაგვეხმარება, რადგან ეს სცილდება რუსეთსა და დარჩენილ საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების სფეროს; და საერთოდ, ამ ყველაფრის სანაცვლოდ რუსეთი დიდსულოვნად გვიქებს გამოსწორების მცდელობას!”, – ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.

უსუფაშვილისვე განმარტებით, “ახლა საჭიროა შეცდომას შეცდომა არ დავუმატოთ, შეცდომის წარმატებად გასაღება არ მოვინდომოთ და აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე ახალი თაობის რუსულ მახეში არ შევაბიჯოთ. მთავრობის მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნება თემის სასწრაფოდ დახურვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე და მშრალი განცხადებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა მორიგ ჯერზე არ ისარგებლა საქართველოს მთავრობის კეთილი ნების ნაბიჯით, რის გამოც ვწუხვართ. წერტილი. მიმართვაში თუ საპასუხო კომენტარში წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის რუსეთთან საჯარო კომუნიკაციაში შემდგომი განხილვა-განმარტება-დაზუსტება მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება”.

“შენების მოძრაობის” ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე უფრო მეტი აქცენტით საქართველოს პოზიცია კიდევ უფრო დასუსტდება. მისივე თქმით, “არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს ყველამ ერთად უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ცხედრის გადმოსასვენებლად, მათ შორის იმასაც, რაც არ უნდა გაეკეთებინა და რამაც მათი შვილის სათაყვანებელ სამშობლოს ახალი საფრთხეები შეუქმნა. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა გავათავისუფლოთ უმძიმესი მორალური წნეხისგან და მივცეთ მეტი დრო და საშუალება, დემოკრატიული საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით გაუმკლავდეს ამ პრობლემას”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 მარტს განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას. თავის მიმართვაში ის აცხადებს, რომ თბილისი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საპასუხოდ თქვა, რომ მათ საქართველოს კონსტრუქციულობის იმედი აქვთ და ელოდებიან შემდგომ ნაბიჯებს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი