ახალი ამბები

ტერეზა მეის თქმით, ყოფილი ჯაშუში, დიდი ალბათობით, რუსეთმა მოწამლა

12 მარტი, 2018 • 1635
ტერეზა მეის თქმით, ყოფილი ჯაშუში, დიდი ალბათობით, რუსეთმა მოწამლა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკირპალი და მისი შვილი რუსეთის მიერ შემუშავებული ნერვული აგენტებით მოწამლეს. – წერს BBC.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია. ტერეზა მეის თქმითვე, ქიმიური ნივთიერება, რომელიც მამა-შვილის მოსაწამლად გამოიყენეს, ნერვული აგენტების იმ ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც “ნოვიჩოკის” სახელითა ცნობილი.

ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს. 1991 წლის აპრილში, გაეროს №687 რეზოლუციით, ნერვული აგენტები კლასიფიცირდა როგორც ქიმიური იარაღი და 1993 წელს მათი გამოყენება აიკრძალა ქიმიური იარაღის განხილვის კომისიის მიერ; კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1997 წლის 29 აპრილს. მანამდე კი, ქიმიური ნივთიერებების საომარ ვითარებაში გამოყენება.

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩს მოსთხოვეს, ახსნა-განმარტება გაეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ოპერაცია, თუ ისინი ვეღარ აკონტროლებენ ნერვული აგენტების მარაგს.  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომკი ტერეზა მეის ნათქვამს “ზღაპარი” უწოდა.

ტერეზა მეის თქმით, თუ სათანადო პასუხს რუსეთის ფედერაციისგან ვერ მიიღებენ, ბრიტანეთი ჩათვლის, რომ ეს არის რუსეთის მიერ ბრიტანეთის წინააღმდეგ არაკანონიერი ძალის გამოყენება.

“ჩვენ მივიღებთ სხვადასხვა ზომას ამის საპასუხოდ” – ამბობს ბრიტანეთის პრემიერი.

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბურიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობ კრიტიკულია.

სერგეი სკირპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკირპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

BBC-ის ცნობით, როგორც სკირპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსები ოდესმე პასუხს მოსთხოვდნენ. ოჯახისვე განცხადებით, სკირპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკირპალის შვილი ცოტა ხნის წინ, სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი