ქალის მკვლელობა სოხუმის ქუჩაში

ეს მხოლოდ მკვლელობა არ ყოფილა. საქმე მხოლოდ გამოძიებისთვის საჭირო დღევანდელ გარემოებებს არ უკავშირდება. არც ჩადენილის სისასტიკეზეა საუბარი: დღისით ქუჩაში კაცი მიუახლოვდა ქალს – საკუთარი შვილის დედას, ჩაცხრილა, შემდეგ კი მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა. საქმე ის არის, რომ აფხაზეთში არსებულ სუსტ მართლმსაჯულებას ბოლო დარტყმა მიაყენეს.

მას ჰქვია ვიქტორ ჯანბა, ქალს  – გულგიაზ მამედოვა. კაცი აფხაზია, ქალი  – არა.  ისინი ოფიციალურად არ ყოფილან დაქორწინებული, თუმცა საერთო შვილი ჰყავდათ. 2015 წლის მარტში, როდესაც მათი შვილი ხუთი თვის იყო, ჯანბამ ქალს სთხოვა, რომ რამდენიმე დღით შვილს წაიყვანდა. ოჯახისთვის რომ გაეცნო. აღმოჩნდა, რომ ქალს შვილი წაართვეს და აღარ დაუბრუნეს. თვენახევრის შემდეგ ქალმა სასამართლოს მიმართა.

კარგად მახსოვს ეს საქმე, რადგან მთელ პროცესს თვალს ვადევნებდი.  ეხოკავკაზას კორესპონდენტი ელენა ზავოდსკაია ამბობდა, რომ ქალი დაუცველია, ჯანბას კი ზურგს უმაგრებდა დიდი აფხაზური ოჯახი და სერიოზული კავშირები. ამიტომაც დავთანხმდი, რომ ეს საქმე მაქსიმალურად გაგვეშუქებინა.

სასამართლო პროცესი რამდენიმე თვე გრძელდებოდა. დაცვის მხარე ნებისმიერი საშუალებით ცდილობდა მედიისგან თავი დაეღწია. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენს კორესპონდენტს, ელენა ზავოდკსაიას ემუქრებოდნენ კიდეც. ვიქტორ ჯანბას დეიდა, აფხაზეთში ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პარტია “ამწახარას” მდივანი მარინა გუმბა უხამსი ლექსკის გამოყენებით სასამართლოშივე მიუვარდა ჩვენს კორესპონდენტს: “აქვე ჩაგცხრილავ, შე არამზადა”. მაშინ ელენა ზავოდკსაიამ სასამართლოს მიმართა არა მხოლოდ შეურაცხყოფისთვის –  საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენადაც. თუმცა გულგიაზ მამედოვას სასამართლო პროცესებზე მაინც დადიოდა და უკლებლივ ყველაფერს აშუქებდა, რაც იქ ხდებოდა.

გულგიაზ მამედოვამ საქმე მოიგო. დიდი ძალისხმევის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებასაც მიაღწია – როგორც იქნა, შვილი დაუბრუნეს. შემდეგ იმართებოდა სასამართლო პროცესები ჩვენს კორესპონდენტ ელენა ზავოდსკაიასა და მარინა გუმბას [ვიქტორ ჯანბას მამიდა] შორის, რომელიც მიუხედავად ყველა მტკიცებულებისა, სასამართლომ მაინც უდანაშულოდ ცნო.

მარინა გუმბას სასამართლო დავა ჰქონდა გულგიაზ მამედოვას ადვოკატ ინგა გაბელაიასთანაც. თუმცა ეს ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, რადგან გატაცებული ბავშვი თვეების შემდეგ დედას დაუბრუნეს.

ქალის მკვლელობიდან რამდენიმე საათში ვცდილობ საკუთარ თავში ეს წარმოუდგენელი ფაქტები დავალაგო.

ყველაზე საზარელი ისაა, რომ როდესაც სოხუმში გავრცელდა ინფორმაცია ქალის მკვლელობის თაობაზე, მაშივე გულგიაზზე გავიფიქრე. და არა მხოლოდ მე, ბევრმა ჟურნალისტმაც. იმწამსვე კითხვა გაჩნდა, აპირებენ თუ არა ვიქტორ ჯანბას ნათესავები დაობლებული შვილის დაბრუნებას? ცინიკურად ჟღერს? ჩემი აფხაზი კოლეგები ამბობენ: რა თქმა უნდა, ამას მარჩიელობა არ სჭირდება.

თითოეულს, ვისაც ამ არქაიკასთან შეხება ჰქონია, აზრთა დანაშაულებრივი სვლების ხელახლა აღდგენა შეუძლია. ვიქტორ ჯანბა დაქორწინებულია, სამი შვილი ჰყავს. მისმა ოფიციალურმა ცოლმა პირდაპირ თქვა, რომ სხვა შვილი არ სჭირდება. თუმცა ქმრის ახლობლები მზად არიან ეს ბავშვი აღზარდონ.

ტვინში კი ეს “უნივერსალური ჭეშმარიტებები” ტრიალებს: “ბიჭი მამის გვარს ეკუთვნის” და “აფხაზი აფხაზურ ოჯახში უნდა იზრდებოდეს”.

აფხაზურ ციხეში ერთი წელი სამად ითვლება და ამნისტიაც არ არის გამორიცხული. განაჩენიც არ უნდა იყოს მძიმე – ის ხომ აფექტურ მდგომარეობაში იყო.

გამორიცხული არ არის, დააშინონ გულგიაზის მშობლები და მისი და, რომლებთანაც ამჟამად ბავშვი იმყოფება. მისი მკვლელობის შემდეგ ამის გაკეთება კიდევ უფრო მარტივი იქნება.

საზოგადოება ამაზე გაჩუმდება. ამ თემის შესახებ ფეისბუკ ჯგუფში “პატრიოტების” უკვე 400 -ზე მეტი კომენტარი დაიწერა. და გგონიათ, ვინმე კიცხავს მკვლელობას? ცდებით. ისინი გულგიაზ მამედოვას ადანაშაულებენ, რომელიც “ცოლიან კაცს გადაეკიდა”. “ორივე დამნაშვეა”, “წინასწარ არ გაკიცხოთ”.

არსებობს ინფორმაცია, რომ პარასკევს შვილი მამასთან იყო და დედას არც კი უცდია მამა-შვილის დაშორება, პრობლემების მიუხედავად. ქალი ბავშვის წასაყვანად მივიდა, ქუჩაში კი ვიქტორი მიუახლოვდა და მოკლა.

რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვები მხოლოდ ვარაუდებია, ამ დანაშაულის მოტივის განსაზღვრა მხოლოდ გამოძიებას შეუძლია, დადასტურება კი  – სასამართლოს. თუმცა ძალიან უცნაური იქნება, თუკი ვერსიებს შორის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა გამოირიცხება შვილის დაბრუნების მიზნით.

თუმცა, მაშინც კი, თუ გამოიძიება ობიექტური იქნება, გადაწყვეტილება კი- მკაცრი, კაცს ამნისტია არ შეეხება და შვილი დედის ნათესავებთან დარჩება, გულგიაზ მამედოვას მკვლელობა აფხაზური საზოგადოების დემორალიზებას მაინც გამოიწვევს. სასამართლოში ახალგაზრდა ქალის გამარჯვება, ძლიერი ნათესავებისა და ფულის გარეშე, საზარელი ტრაგედიით დასრულდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დემის პოლანდოვი არის რადიო "თავისუფლების" პროექტ "ეხო კავკაზას" მთავარი რედაქტორი. ნეტგაზეთისთვის ის რეგულარულად წერს სტატიებს აფხაზეთზე