აფხაზური მხარის პასუხი კვირიკაშვილს

აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აფხაზური მხარე, კონკრეტულად კი საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დაურ კოვე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესთან ინტერვიუში გამოეხმაურა:

“ჩვენ გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მორიგ განცხადებას, სადაც ქართული მხარის მიერ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობაზე აცხადებს. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი ტიპის განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებისგან. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა დიალოგს და მთლიანობაში, კონფლიქტის დარეგულირებას.

იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ დავინახავთ რეალურ და არა დეკლარირებულ მზაობას ქართული მხრიდან სრულყოფილი სახელმწიფოთაშორისო დიალოგისთვის, აფხაზური მხარე მზად იქნება მასში მონაწილეობის მისაღებად”, – აცხადებს დაურ კოვე.

აფხაზური მხარის ცნობით,  საქართველოს მზაობას დიალოგისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს, თუკი ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას. თავის მიმართვაში ის აცხადებს, რომ თბილისი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

კვირიკაშვილის განცხადებაზე აზრი ნეტგაზეთთან საუბარში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც გამოთქვა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი