ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დასასრული მონარქიას” – აქცია ბაქოში

12 მარტი, 2018 • 1526
“დასასრული მონარქიას” – აქცია ბაქოში

ბაქოში აქცია, ლოზუნგით “არა ძარცვას, დასასრული მონარქიას” დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ და პარტია “მუსავათმა” ჩაატარეს. აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში კორუფცია და ფასების ზრდა გააპროტესტეს, მათ ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. მომიტინგეები ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხნენ, წერს “კავკაზსკი უზელი”.

პარტია სახალხო ფრონტის ლიდერის, ალი ქერიმლის განცხადებით, აქციის მიზანია “ვუთხრათ არა ძარცვას, მონარქიას და ყალბ არჩევნებს”. როგორც ქერიმლი ამბობს, “თუ ხალხი ჩუმად იქნება, მთავრობა შეუცვლელი დარჩება”.

მისივე თქმით, ხელისუფლება აქციის ჩაშლას შეეცადა.

“მხოლოდ სახალხო ფრონტიდან 7 ადამიანი დააკავეს, მათგან სამი – აქციის კომიტეტის წევრები. აქციის წინ დაკავება ან გამოძახება 40 ადამიანს შეეხო, “მუსავათიდან”-  10 ადამიანს”, – განაცხადა ალი ქერიმლიმ აქციაზე.

პარტია “მუსავათის” ლიდერის, არიფ გაჯილის თქმით, მისი პარტია ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგია, ხოლო არჩევნები არ ასახავს ხალხის თავისუფალ ნებას ქვეყანაში.

გაჯილის თქმით, მთავრობის განცხადება იმის შესახებ, რომ “აზერბაიჯანი დემოკრატიისთვის მზად არ არის და თუ სრულ თავისუფლებას მიიღებენ, ქვეყანა ავღანეთს ან სირიას დაემსგავსება”, ტყუილია. “აზერბაიჯანმა დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ შექმნა და მაშინ, როდესაც აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ, აზერბაიჯანში ეს უფლება ჰქონდათ” – განაცხადა მან.

დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს წევრმა, გიულტაკინ ჰაჯიბეილმა კი იმის შესახებ ისაუბრა, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება სახელმწიფო პენსიონერებს, ექიმებსა და მასწავლებლებს 200-250 მანათს [117- 146 აშშ დოლარი] უხდის.

მონაწილეები პერიოდულად გაიძახოდნენ “თავისუფლება!” და “გადადგომა!”, რის გამოც პოლიცია რამდენჯერმე მივიდა ტრიბუნასთან და ორგანიზატორები “შეუთანხმებელი ლოზუნგების” დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილა, – წერს “კავკაზსკი უზელი”.

აქცია რაიმე რეზოლუციის მიღების გარეშე დასრულდა.

“აქციაში მონაწილეობს ერთი და იგივე ხალხი, რომელიც ერთსა და იმავეს აცხადებს. ასევე არანაირი ცვლილება არ იყო ხალხის რაოდენობაში. მასობრივი აქცია არ ჩატარებულა, რადგან არ არსებობს ხალხის ინტერესი”, – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, სიავუშ ნოვრუზოვა ოპოზიციის აქციას აზერბაიჯანში.


ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ “რესპუბლიკური ალტერნატივის” ლიდერის, ილგარ მამადოვის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე აზერბაიჯანის მთავრობის საჩივარი არ გაითვალისწინა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გადმოწია ექვსი თვით ადრე საპრეზიდენტო არჩევნები ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში, სწორედ ილგარ მამადოვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი