ახალი ამბები

საქართველოს არჩევნების პორტალის პრეზენტაცია

2 ოქტომბერი, 2013 • 1184
საქართველოს არჩევნების პორტალის პრეზენტაცია

ElectionsPortal.ge არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად შექმნილი ვებგვერდია, რომელიც დაინტერესებულ საზოგადოებას აწვდის კომპლექსურ ინფორმაციას არჩევნების შესახებ საქართველოში. დარღვევების რუკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს სამი ორგანიზაციის მიერ გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს ონლაინ და თავადვე გამოაქვეყნოს მის მიერ დაფიქსირებული ინციდენტები ელექტრონულად და უფასო SMS-ის გამოგზავნის საშუალებით ნომერზე 90039.

 

„ჩვენი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა განათლება საარჩევნო საკითხებზე. ამ მიზნით პორტალზე შევქმენით სპეციალური გვერდი, სადაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეოებია ატვირთული,“ – ამბობს ნინო ლომჯარია, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ „არჩევნების პორტალი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს, თვითონაც მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მონიტორინგში. ამგვარად, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას საქართველოში.“


Data.ElectionsPortal.ge-ის მეშვეობით კი, შესაძლებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული თითოეული არჩევნების შედეგების ნახვა სხვადასხვა ინდიკატორით, როგორიც არის: აქტივობა, არჩევნების შედეგები, ცალკეული პარტიის შედეგები და სხვა. ვებ გვერდზე მონაცემები წარმოდგენილია რუკების სახით სხვადასხვა გეოგრაფიულ დონეზე, რომელიც მოიცავს რეგიონებს, საარჩევნო ოლქებსა და უბნებს.

 

ლუის ნავარომ, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა, პრეზენტაციაზე განაცხადა: „ვებგვერდი დააინტერესებს ყველა ადამიანს, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს. მონაცემთა ბაზა პოლიტიკურ პარტიებს დაეხმარება საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში და საშუალებას მისცემს, წინა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვრონ მათი პოტენციური მხარდაჭერის არეალები. ვებ-გვერდი, ასევე, დაეხმარება მკვლევარებს საარჩევნო ტენდენციების გარკვევაში. აქ საინტერესო ინფორმაცია ყველასთვის მოიპოვება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი