მიტროპოლიტი გრიგოლი: “ციანიდის საქმე” პრობლემების აისბერგის ნაწილია

მიტროპოლიტმა გრიგოლმა  11 მარტის ქადაგებაზე განაცხადა, რომ მაღალი რეიტინგის ფონზე საპატრიარქო დიდი განსაცდელშია ჩავარდნილი.

მიტრპოლიტი შეეხო 7 მარტს, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან სასჯელარსრულების დაწესებულებაში სტუმრობას.

“მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე ამ შეხვედრამ; იქ მოსმენილმა ღრმად ჩაგვაფიქრა არაერთ საკითხზე, არაერთ ადამიანზე, ეკლესიის მდგომარეობაზე. დეტალებში არ შევალთ და ვერ შევალთ, მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, თუ რაოდენ ღრმა განსაცდელშია ჩვენი ადგილობრივი ეკლესია; განსაკუთრებით დამაფიქრებელია, რომ ეს ხდება იმ ავტორიტეტისა თუ მაღალი რეიტინგის ფონზე, რაც ეკლესიის მიმართ არსებობს და რაც თავისთავად კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, რამდენადაც მის მიმართ არსებობს დიდი მოლოდინი”,- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მიტრპოლიტი ციანიდის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არაა ერთადერთი პრობლემა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

“სამწუხაროდ, ე.წ. ციანიდის საქმე არის მხოლოდ ნაწილი იმ აისბერგისა, რასაც ქმნის ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების ერთობლიობა. ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ამის ართქმაც არ შეიძლება. და ვამბობთ კი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის დაძლევის შედარებით „უმტკივნეულო“ და „ეფექტური“ გზები. მათ დაძლევაზე დამოკიდებულია ეკლესიის და თვით ჩვენი ქვეყნის და მისი სახელმწიფოებრიობის მომავალი”, – განაცხადა მიტრპოლიტმა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ეკლესიაში ნამდვილად არის საკმარისი ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს არსებულ საფრთხეებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com