ახალი ამბებისაზოგადოება

ნიქოზელი ახალგაზრდები ბიბლიოთეკისთვის ინტერნეტს და გათბობას ითხოვენ

11 მარტი, 2018 • 4298
ნიქოზელი ახალგაზრდები ბიბლიოთეკისთვის ინტერნეტს და გათბობას ითხოვენ

გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ნიქოზში უკვე ერთი წელია, რაც ბიბლიოთეკა მოქმედებს, სადაც სოფლის მოზარდები წიგნებს კითხულობენ, ფილმებს ნახულობენ და მოწვეულ სტუმრებთან სხვადასხვა საკითხს განხილავენ.

ბიბლიოთეკას ადგილობრივი გამგეობის შენობის ერთი ოთახში ფუნქციონირებს. ბიბლიოთეკას ესაჭიროება ინტერნეტით მომარაგება, გათბობა და ფილმისთვის პროექტორი.

ნიქოზის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ქეთი თედეევი, რომელიც ბიბლიოთეკის საქმინაობაში თავიდანვე იყო ჩართული, ამბობს, რომ სკოლის ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებს, ამიტომ მათი ძალებით შექმნილი ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილია.

“ბიბლიოთეკა ძალიან მნიშვნელოვანია, თავშეყრის ადგილია ჩვენთვის. პრეზენტაცია როცა გვინდა გავმართოთ, ან ჯგუფურ დავალებებს ვასრულებთ, ყოველთვის ბიბლიოთეკაში ვიკრიბებით, კიდევ გვაქვს კითხვის წრე ჩამოყალიბებული”, – ქეთი თედეევი.

ბიბლიოთეკა სოფელ ნიქოზში ფოტო: მარიამ დევიძე

ქეთი თედეევი ამბობს, რომ ბიბლიოთეკაში ინტერნეტი და გათბობა უნდათ, “ზამთარში ხან გამათბობელს ვთხოულობდით, ხან რომელი ბავშვს მოჰქონდა. გაჭირვებით გავდიოდით”, – ამბობს ქეთი.

მეათეკლასელი თაკო ლაზარაშვილი, რომელიც ბიბლიოთეკის მუშაობაში აქტიურადაა ჩართული, გვეუბნება, რომ ახალგაზრდობას არ ჰონდა ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის შესაძლებლობა..

“სკოლაში იყო ბიბლიოთეკა, მაგრამ ძალიან ძველი, წიგნებია, რომლებიც ახალგაზრდებს არ აინტერესებდათ. თავშეყრის ადგილი გვქონდა – სკოლა, მაგრამ იქ მთელი სოფლის ბავშვები თავს ვერ შევიყრიდით, რადგან ზოგი ემზადებოდა საგნებზე, უამრავი ახალგაზრდა ქალაქში იყო გადასული, იქ სწავლობდა. თავშეყრის ადგილი არ გვქონდა ისეთი,  სადაც დისკუსიებს გავმართავდით. გვინდოდა საკუთარი სივრცე”, – ამბობს თაკო ლაზარაშვილი.

ლაზარაშვილი ამბობს, რომ ახლა ძალიან სჭირდებათ პროექტორი, ასევე არ აქვთ ინტერნეტი. ლაზარაშვილი ამბობს, რომ ბიბლიოთეკამ მას საჭირო ცოდნა და უნარები შესძინა.

“კომუნიკაცია არ მქონდა ადამიანებთან, ჩაკეტილივით ვიყავი. არ ვიცოდი, როგორ უნდა ჩამეწერა ინტერვიუ. როგორც კი მარიამ დევიძე გავიცანი, მომეცა ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა… პირველ რიგში, პროექტის დაწერა ვისწავლე”, – ამბობს თაკო ლაზარაშვილი.

ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატივა ნიქოზელ ახალგაზრდებთან ერთად მარიამ დევიძეს ეკუთვნის, აქტივისტს, რომლმაც 2016 წელს ნიქოზში ადგილობრივი ბავშვების დახმარებით კვლევა ჩაატარა სოფლის საჭიროებების გასაგებად. 4 ყველაზე მწვავე საკითხად ბიბლიოთეკის და ახალგაზრდული სივრცის არქონა დასახელდა.

მარიამ დევიძე

მარიამ დევიძემ გვითხრა, რომ 2016 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ზრუნვა ბიბლიოთეკის შექმნაზე. მარიამ დევიძის თქმით, ბევრი წინაღობა გადალახეს ბიბლიოთეკის შესაქმნელად. მათ ნახეს გამოუყენებელი ოთახი გამგეობის შენობაში, რომლის გადაცემასაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 4 თვე მოანდომა და 2017 წლის თებერვალში ერთი წლით გადასცა ეს ოთახი. პრობლემა იყო ოთახამდე ელექტროენერგიის მიყვანაც, თუმცა დროთა გნმავლობაში ესეც მოგვარდა. 

ბიბლიოთეკის ოთახის გასარემონტებელი მასალის ფულით ორბელიანის ფონდი დაეხმარა. ხოლო ადგილობრივებმა რემონტი გააკეთეს.

ბიბლიოთეკაში წიგნები ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს თუ ინდივიდუალური შემოწირულობებით შეაგროვეს.

ბიბლიოთეკას ნიქოზელი ახალგაზრდები არემონტებენ. ფოტო: მარიამ დევიძე

ბიბლიოთეკის საქმიანობაში მუდმივად 20 ბავშვია ჩართული, თუმცა დიდი შეხვედრების ორგანიზების დროს მეზობელი სოფლებიდანაც მიდიან მოზარდები.

ბავშვები არანაირ ინფორმაციას არ იღებენ, სკოლაში არ საუბრობდნენ მიმდინარე პროცესებზე, თანამედროვე ტენდენციები რაცაა, ამაზე წარმოდგენა თითქმის არ ჰქონდათ. ჩვენს სივრცეში ვიწვევთ სხვადასხვა ადამიანს და სულ განვიხილავთ სოციალურ საკითხებს. თანდათან უკვე ისე გაიზარდნენ, ჩემგან დამოუკიდებლადაც იწვევენ სტუმრებს და აწყობენ აქტივობებს, თუმცა დახმარება ჯერ კიდევ სჭირდებათ”, – ამბობს მარიამ დევიძე.

ბიბლიოთეკაში “ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის” ნაჩუქარი კომპიუტერებიც აქვთ, თუმცა არ აქვთ ინტერნეტი. რაც დღეს ბიბლიოთეკას ძალიან სჭირდება, გვეუბნება მარიამ დევიძე.

ინტერნეტი სჭირდებათ ამ სივრცეში და ჩემი ხელფასით მოვუგვარებ ალბათ. პროექტორიც უნდათ. აქამდე სულ ლეპტოპში ვაყურებინებდი ფილმებს, დავტანჯე ბავშვები”, – ამბობს მარიამ დევიძე.

ნიქოზის ბიბლიოთეკა გარემონტებამდე. ფოტო: მარიამ დევიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი