პრეზიდენტი: გვჯერა, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას ვიმსახურებთ

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც დისკუსიისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაა ჩართული, თუმცა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი გაცილებით ადრე გაკეთდა და საქართველოს სჯერა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობას იმსახურებს.

აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში ევროინტეგრაციული პროცესების დაჩქარება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფორუმზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და იმ დამაზიანებელ პროპაგანდას, რომელიც თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთ ფაქტორადაა აღიარებული არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არამედ ევროკავშირშიც.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია, მოხდეს საერთო სურათის აღქმა და არა საკითხების განცალკევება რუსეთ-საქართველოსა თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებად.

“სანამ შევეცდებით საკითხის დანაწევრებას რუსეთ-უკრაინის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტებად და რუსეთ-მოლდოვას პრობლემებად და სანამ არ ვიქნებით საკმარისად გაბედულნი, რომ დავინახოთ მთლიანი სურათი, ვფიქრობ, რომ ვკარგავთ რუსული პოლიტიკის ზოგად გაგებას.

გარდა ამისა, თუ არ გვსურს რუსების მოსმენა, თუ არ გვსურს პუტინის გამოსვლების მოსმენა, ვფიქრობ, რომ არასწორ კითხვას ვსვამთ.

იმის მიხვედრას, თუ რა განზრახვა აქვს რუსეთს და რა არის მისი პოლიტიკა, არ სჭირდება განსაკუთრებული ინტელექტი. რუსები ძალიან პირდაპირნი და ბევრი თვალსაზრისით ძალიან გულწრფელნი არიან.

ცოტა ხნის წინ გავიგეთ რუსეთის ფედერაციის საკმაოდ მკაფიოდ გაცხადებული პოზიცია, რაც იყო ცივი ომის განახლების პოლიტიკა. ჩვენ ვნახეთ რუსები, რომლებიც 2007 წელს, საქართველოსთან ომის დაწყებამდეც პირდაპირნი იყვნენ და ომის შემდეგაც.

რუსეთი ახლო სამეზობლოში გეგმავს, რომ იყოს მაკონტროლებელი ძალა და ძალა, რომელიც ნებისმიერი სახის შესაძლებლობაზე სამხედრო იარაღით რეაგირებს.

თუკი ჩვენ იმას მივიღებთ, თუ დავიჯერებთ იმას, რასაც რუსი უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ და გულწრფელნი არიან, მაშინ ჩვენ კი არ უნდა დავანაწევროთ უკრაინის, საქართველოს თუ მოლდოვას პოლიტიკა, არამედ უნდა გავაერთიანოთ ერთობლივი პოლიტიკა.

რაც შეეხება ფასეულობებს, ვართ რა გულწრფელნი იმ ფასეულობებში, რომლებსაც ვაცხადებთ?  როდესაც არსებობს დეკლარაციები იმის თაობაზე, რომ აშშ ან დასავლეთი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ ერს, რომელიც ცდილობს მიაღწიოს სიმშვიდეს და ჰქონდეს მშვიდობიანი ურთიერთობა მეზობლებთან;

ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენ შემოვიტანეთ როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ასევე მოგვიანებით, როდესაც ჩვენ ვაშენებდით ჩვენს დამოუკიდებლობას. თუ გაბედულნი ვიქნებით რუსეთის პოლიტიკის წინაშე და არ დავანაწევრებთ მას ცალკეულ შემთხვევებად და თუკი ჩვენ თამამად დავიცავთ საკუთარ ღირებულებებს, ვფიქრობ, რომ რუსეთთან მიმართებაში უფრო რეალისტური დამოკიდებულებით ვილაპარაკებთ, რომელიც მე მჯერა, რომ მშვიდობის მომტანი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის, არამედ სტაბილურობის მომტანი იქნება რუსეთისთვისაც,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დისკუსიის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ უკრაინის ვიცეპრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, კატარინა მატერნოვა – ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, კურტ ვოლკერი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ევროპაში The New York Times–ის მთავარი კორესპონდენტი დიპლომატიურ საკითხებში, სტივენ ერლენგერი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.