დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხდებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები: კოტე დ. და დავით შ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები, რომელთაგან ერთ-ერთი თავს ასაღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლად, წინასწარი შეთანხმებით, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, თითქოსდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, თბილისში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათ 200 000 ლარის გადახდა მოითხოვეს.

სუს-ის განცხადებით, დაკავებულებმა მიმდინარე წლის 8 მარტს წინასწარ გამოართვეს აღნიშნულ მოქალაქეებს  მოთხოვნილი თანხის ნაწილი 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.