ყაჩაღობა აბაშაში – ოჯახიდან 200 000 ლარი წაიღეს

აბაშაში ყაჩაღობა მოხდა, რის შედეგადაც ოჯახიდან 200 000 ლარზე მეტი გაიტაცეს. დაწყებულია გამოძიება.

შსს–მ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დაიწყო. სხვა ინფორმაციაS შსს ჯერჯერობით არ ავრცელებს.

შსს–ს ცნობით, შემთხვევა მარტის დასაწყისში მოხდა. “რუსთავი 2″–მა დღეს, 9 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზარალებულ ჩოჩიების ოჯახს ნიღბიანები დაესხნენ თავს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღი და დანაც ჰქონდათ. მათ ფული ტომრებით გაზიდეს.

“ფული გვინდაო ჩვენო, ყველაფერი ვიცით, ჩუმადო. მე გავიკვირვე, აქ თანხა არ ინახება… ჩვენ ყველაფერი ვიცითო. იმ დროს იყო, როდესაც დაიწყეს ოთახებში სირბილი. ჩატენეს ტომრებში… 200 000–ზე მეტია”, – განუცხადა “რუსთავი 2″–ს დაზარალებულმა ლელა ჭანტურიამ.

წაღებული თანხა ოჯახის საკუთრება არ ყოფილა, იგი TBC-ის სწრაფი გადახდის აპარატიდან ამოღებული თანხა იყო. დაზარალებული მამუკა ჩოჩია TBC–ის სწრაფი გადახდის აპარატის ინკასატორია, რომელმაც ამოღებული თანხის ბანკში ჩაბარება ვერ მოასწრო სამუშაო დღის დამთავრების გამო. მან აღნიშნული თანხა სახლში დროებით შეინახა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com