საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 9 მარტს, საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით, ჯამში, 200-მდე ზარი განხორციელდა. მათ შორის, 123 თბილისში, ხოლო 75- სხვადასხვა რეგიონში.
სამსახურის ცნობით, თბილისში სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.
მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ ზარებს.
- სამსახურის ცნობით, საჩხერეში, სოფელ გორისის საჯარო სკოლის სახურავიდან, მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები ჩამოხსნეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
- სამტრედიაში, სოფელ ჭოგნარში, მეხანძრე-მაშველებმა გზის სავალი ნაწილი წაქცეული ხეებისგან გაწმინდეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფი.
- ძლიერმა ქარმა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ხე წააქცია და სავალი ნაწილი ჩახერგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
- თერჯოლაში, ოთხი ძმის ქუჩაზე, მე-2 საჯარო სკოლაში, შენობის სახურავიდან ქარის შედეგად დაზიანებული, საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები ჩამოხსნეს.
- ქ. ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარი ქრის. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 9 მარტს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღის 12:00 საათიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 20 – 25 მ/წმ სიჩქარის ქარი იყო მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი 17:00 საათიდან გაძლიერდა. ქარის სიჩქარე მდ. მტკვრის აუზში 20-25 მ/წმ-ის, ხოლო კახეთის რეგიონში 30 მ/წმ-ის ფარგლებშია შესაძლებელი.
პროგნოზის მიხედვით, თბილისის შიდა რაიონებში ქარის სიჩქარე 20-25, ხოლო გარეუბნებში 25-30 მ/წმ-მდე შეიძლება აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი 10 მარტის დილამდე შენარჩუნდება.