ახალი ამბებიეკონომიკატექნოლოგიები

მზის ენერგიის 30 ენთუზიასტი საქართველოში და სახელმწიფო პოლიტიკა

9 მარტი, 2018 • 16580
მზის ენერგიის 30 ენთუზიასტი საქართველოში და სახელმწიფო პოლიტიკა

“ენერგო პრო ჯორჯიასა” და “თელასის” მონაცემებით, საქართველოში მზის მიკროელექტროსადგური 30 ოჯახს აქვს დამონტაჟებული. ყველა მათგანი ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს გამომუშავებული ენერგია, რომელსაც თავად არ მოიხმარენ, გაყიდონ და ამ გზით ფინანსური სარგებელი მიიღონ.

გიორგი რობაქიძე ერთ-ერთია იმ 14 აბონენტიდან, რომელსაც თბილისში, საკუთარ სახლში, მზის ელექტროსადგური აქვს მოწყობილი. გიორგის თქმით, მისი სახლი 180 კვ/მ ფართობს შეადგენს და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფუნქციონირებისთვის მზის 10 პანელს იყენებს:

“ეს პანელები დავაყენე დაახლოებით რვა თვის წინ. სულ ათი პანელია, რომელთა მაქსიმალური გამომუშავება კილოვატ-ნახევარს შეადგენს. დღის განმავლობაში ეს მონაცემი იმატებს ან მცირდება. ეს რაოდენობა სახლს სრულად ჰყოფნის, გარდა გათბობისა და გაგრილებისა – იმისთვის, რომ აპარატურა და საოჯახო ტექნიკა ამუშაო, საკმარისია” – ამბობს გიორგი.

იმისათვის, რომ გიორგიმ მზის ენერგია სახლის გასათბობად და გასაგრილებლად გამოიყენოს, მინიმუმ ხუთი კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება დასჭირდება.

“ჩვენ ამ ენერგიას ვიღებთ უფასოდ, ერთხელ ვამონტაჟებთ და შემდეგ, ფინანსურ ხარჯებს აღარ საჭიროებს. მინიმუმ 25 წელი აღარც რემონტი სჭირდება. საერთო ჯამში კი, სულ გვექნება შემოსავალი – როგორც ენერგიის სახით, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც, თუ ამ ენერგიას გავყიდით” – ამბობს გიორგი.

მიუხედავად გამომუშავებული ენერგიის გაყიდვის შესაძლებლობისა, გიორგი მისი სადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიას თავად მოიხმარს. ისეთ დღეებში კი, როდესაც მისი სადგური საჭიროზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ჭარბი ენერგია გამანაწილებელ ქსელს მიეწოდება (თბილისის შემთხვევაში “თელასს”) და ღამის ან უამინდობის დროს უკან უბრუნდება:

“მზის ენერგიის მოხმარებას ერთი უარყოფითი თვისება აქვს. ზაფხულში ბევრია, ზამთარში კი, გაცილებით ცოტა. “ნეტო აღრიცხვის სისტემა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჭარბი ენერგია, რომელსაც ზაფხულში გამოვიმუშავებთ და ვერ ვიყენებთ, ქსელს მივაწოდოთ, აღირიცხოს ჩვენს მრიცხველზე და ზამთარში ან ღამის განმავლობაში რომ დაგვჭირდება, უკან მივიღოთ” – ამბობს გიორგი.

[yellow_box]რა არის/როგორ მუშაობს ნეტო აღრიცხვის სისტემა[/yellow_box]

ნეტო აღრიცხვის სისტემა საქართველოში 2016 წლიდან მოქმედებს. პროგრამაში ჩართვა ყველა იმ პირს შეუძლია, რომელსაც პირადი მოხმარებისთვის 100 კილოვატამდე სიმძლავრის განახლებად ენერგიაზე მომუშავე სადგური აქვს დამონტაჟებული.

განახლებად ენერგიაზე მომუშავე სადგური ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან არის მიერთებული და გამომუშავებულ ენერგიას ქსელს აწვდის. მაგალითისთვის, თუ თვის განმავლობაში აბონენტმა ქსელს საკუთარი მიკროელექტროსადგურით 100 ერთეული ენერგია მიაწოდა, თუმცა თვის განმავლობაში 110 ერთეული მოიხმარა, თვის ბოლოს ელექტროენერგიის საფასურს მხოლოდ 10 ერთეულზე გადაიხდის.

იმ შემთხვევაში კი, თუ იმაზე მეტი ენერგია მიაწოდა ქსელს, ვიდრე მოიხმარს, ჭარბი ენერგია მომდევნო თვეში გადადის კრედიტის სახით. წელიწადში ერთხელ კი ფულადი ანგარიშსწორება ხდება. ზედმეტად გამომუშავებულ 1 კილოვატ ენერგიაზე მზის ელექტროსადგურების მფლობელებს “თელასი” დაახლოებით 11 თეთრს, “ენერგო პრო ჯორჯია” კი 10 თეთრს უხდის. 

 შედარებისთვის, არსებული ტარიფით “თელასის”აბონენტები, რომლებიც თვეში 101 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, კილოვატზე 14,5 თეთრს იხდიან.

როგორც გიორგი რობაქიძე ამბობს, მზის მიკროელექტროსადგურების მიერ ჭარბად გამომუშავებულ ელექტროენერგიას მთელი წლის განმავლობაში იყენებენ. თუმცა კანონი “თელასს” აძლევს საშუალებას, წლის ბოლოს დაგროვილი კრედიტი გაანულოს და ელექსტროსადგურების მფლობელებს გამომუშავებულ კილოვატებში ფული გადაუხადოს, რის გამოც კრედიტი მომდევნო წელზე არ გადადის.

მზის მიკროელექტროსადგურების მფლობელები “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებენ, რომ ტარიფი მცირეა და გამომუშავებული ენერგიის გამოყენება პირადი მოხმარებისთვის ურჩევნიათ:

“ეს თანხა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩვენ მიერ მოხმარებული ენერგია. შესაბამისად, თუ დიდი სადგური გვაქვს და ენერგიას ვყიდით, ჩადებული ინვესტიციის ამოღება დროში იწელება

გარდა ამისა, კანონი თელასს აძლევს საშუალებას, წლის ბოლოს ჩვენ მიერ ჭარბად გამომუშვებული ენერგია გაანულოს და სანაცვლოდ თანხა გადაგვიხადოს, რასაც კომპანია ამ დრომდე იყენებს” – ამბობს გიორგი.

[yellow_box]რა ჯდება მზის პანელების დამონტაჟება[/yellow_box]

განახლებადი ენერგიების აქტივისტი თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება, მზის მიკროელექტროსადგური ჩადებულ ინვესტიციას დაახლოებით 7-8 წელში ამოიღებს.

დარჯანიას თქმით, საქართველოში ოჯახი თვეში საშუალოდ მოიხმარს 50-დან 100 ლარამდე ღირებულების ელექტროენერგიას. 50 ლარის დანახარჯის შემთხვევაში, ოჯახს 3 კილოვატის სიმძლავრის მიკროელექტროსადგურის დამონტაჟება დასჭირდება, 100 ლარის შემთხვევაში კი ელექსტროსადგურის სიმძლავრე 5,5  – 6 კილოვატი უნდა იყოს:

“ ხუთკილოვატიანი სადგურისთვის დაახლოებით დასჭირდებათ 20 ცალი 250-ვატიანი მზის პანელი და, შესაბამისად, 5-კილოვატიანი ინვერტორი, რაც წელიწადში მათ 6000-დან 6500-მდე კილოვატ ენერგიას მიაწვდის” – ამბობს თორნიკე.

მისი თქმით, 1 კილოვატი საათი ენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო მოწყობილობების ფასი ბაზარზე 1 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. რაც უფრო მეტად იზრდება სადგურის სიმძლავრე, ფასი მცირდება:

“ამ მოწყობილობებს სხვადასხვა ქვეყანა აწარმოებს. გარდამქმნელისა და პანელების გარდა, მნიშვნელოვანია სამონტაჟე კონსტრუქციაც. ამ ყველაფერმა მინიმუმ 25 წელი უპრობლემოდ უნდა იმუშაოს – ამიტომ მნიშვნელოვანია, პროდუქცია იყოს ხარისხიანი.

ფასი ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურია. რაც უფრო დიდ სადგურს აყენებს ადამიანი, უფრო იაფი გამოდის. მაგალითად, ერთკილოვატიანი სადგურის დაყენება ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე ეკონომიკურად მომგებიანი. თუ ადამიანი აყენებს 100 კილოვატს, მისთვის ფასი კლებულობს, რადგან რიგ დეტალებზე დანაზოგს აკეთებს” – ამბობს დარჯანია.

თორნიკე დარჯანიას თქმით, საქართველოში მხოლოდ სამონტაჟე კონსტრუქციების დამზადება და შეძენაა შესაძლებელი, დანარჩენი ტექნიკა კი სხვადსხვა ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან ან აშშ-დან ჩამოაქვთ.

თორნიკეს თქმით, ყველა პირი, რომელსაც მზის მიკროელექტროსადგური აქვს დამონტაჟებული, საკუთარი ინვესტორები თავად არიან:

“ჩვენ ვართ ჩვენი თავის ინვესტორები. ამის სახელმწიფო სუბსიდირება, ან სხვა რაიმე პროგრამით ხელშეწყობა არ ხდება. ვისაც აქვს დაყენებული, ყველა ასეა” – ამბობს თორნიკე.

[yellow_box]მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში[/yellow_box]

როგორც “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი “ნეტგაზეთთან” სუბარში ამბობს, მიუხედავად სფეროს პერსპექტიულობისა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში მზის მიკროელექტროსადგურები მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, ის დაბალი ტარიფია, რომელსაც მათ გამომუშავებულ კილოვატებში უხდიან:

“ინდივიდუალური ჩართვის შესაძლებლობა ნამდვილად კარგია, მაგრამ ჩართულია მხოლოდ 30 მომხმარებელი. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. ერთ-ერთია ტარიფი. ქსელში არსებული ელექტროენერგიის ფასი და ამ მიკროსადგურისგან შესასყიდი ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, ინვესტიცია ამ მიმართულებით უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე თანაბარი პირობების შემთხვევაში იქნებოდა” – ამბობს ჭიპაშვილი.

მწვანე ალტერნატივის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანას პრიორიტეტად არ აქვს დასახული ჰიდროელექტროსადგურების გარდა ენერგიის სხვა განახლებადი ფორმების ხელშეწყობა:

“ამ სფეროს, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა კონცენტრირებულია ჰიდროელექტროსადგურებზე, განსაკუთრებით- დიდ ჰიდროელექტროსადგურებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გამოწვევებს ვერ პასუხობენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ აშენებას სჭირდება წლები. მაშინ, როდესაც სხვა განახლებადი ენერგიების დანერგვა ხდება თვეების განმავლობაში” – ამბობს ჭიპაშვილი.

დავით ჭიპაშვილის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში მკაფიოდ განისაზღვროს ენერგოპოლიტიკის მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად ენერგიის ყველა განახლებადი ფორმის განვითარებას თანაბრად შეუწყოს ხელი:

“დღეს ვისაც აქვს დამონტაჟებული საქართველოში მზის პანელები –  ეს არა იმიტომ, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ამ სფეროს ათვისებას, არამედ ეს არის 30 ენთუზიასტი, რომელმაც მიუხედავად დანახარჯებისა, მაინც გადაწყვიტა საცდელად თუ მათი სურვილისამებრ დაემონტაჟებინათ ის. თუმცა ,ეს ქვეყნის პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.

მარტივი მაგალითია გერმანია, რომელმაც მზის პანელების გამოყენებით 2016 წელს გამოიმუშავა 40 მილიარდი კილოვატსაათი, რაც არის 4-ჯერ მეტი ჩვენს ელექტროსისტემაზე” – ამბობს “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი.

დავით ჭიპაშვილის თქმით, თუ ამ საკითხის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად განსაზღვრა არ მოხდება, ეს სფერო ვერ განვითარდება.  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრის, გოჩა შონიას თქმით, მზის მიკროელექტროსადგურების მფლობელთათვის დადგენილი ტარიფი იმ ხარჯის მიხედვით განისაზღვრება, რასაც გამანაწილებელი კომპანია წევს:

“როდესაც ხდება ამ ელექტროენერგიის გადადინება, როგორც განაწილების ქსელში, ასევე განაწილების ქსელიდან უკან – იმ ტარიფით უნდა შეფასდეს, რაც გამანაწილებელ კომპანიას ამ ელექტროენერგიის შესყიდვა უჯდება. ამ ფასით ახდენს ის ურთიერთობას მომმხარებლებთან და დღეისთვის ენერგოპროს ნაწილში ეს არის დაახლოებით 10,5-11 თეთრი, ამდენივეა “თელასის” შემთხვევაში” – ამბობს შონია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

შონიას თქმით, თუ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სჭირდება ასეთი ენერგიის წყაროები, მაშინ ტარიფი გადაიხედება, როგორც ეს რიგ ქვეყნებში ხდება. თუმცა ამ ეტაპზე შონია მიიჩნევს, რომ საქართველოში ამის საჭიროება ნაკლებად დგას:

“ჩვენს ქვეყანაში დღეს ამის საჭიროება ნაკლებად არის, რადგან გვაქვს ძალიან ბევრი ჰიდრორესურსი და დამატებით  ქარისა და მზის ენერგიაზე კიდევ რაღაც განსაკუთრებული ფასის მიცემა, რაც საბოლოო ჯამშიმ მომხმარებელს დააწვება, [არ არის საჭირო] და ჯერჯერობით ამ მიმართულებით, როგორც ვიცი, არაფერი იგეგმება” – ამბობს შონია “ნეტგაზეთთან საუბრისას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი