ახალი ამბები

ბოტანიკურ ბაღში ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას “ქართუ” დააფინანსებს – კალაძე

9 მარტი, 2018 • 1822
ბოტანიკურ ბაღში ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას “ქართუ” დააფინანსებს – კალაძე

ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება, რომელიც სათავგადასავლო მარშრუტების, ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს და რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუ” აფინანსებს –  ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო მარშრუტის და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას.

„მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ყველაფერს ქალაქს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ უკეთებს, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილს მინდა მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, ფონდმა ბოტანიკურ ბაღში უკვე არაერთი პროექტი განახორციელა.

„ფონდი „ქართუ“ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თბილისის ბოტანიკური ბაღის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. ჩვენი დაფინანსებით, ბაღში უამრავი პროექტი განხორციელდა”, –  განმარტა მან.

დღეისთვის ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა. ახალი პროექტი კი ბაღის ალტერნატიული შესასვლელსა და საპარკინგე ზონის შექმნას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი