ახალი ამბებიხელოვნება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული წიგნების 300–მდე თარგმანი წარდგება

9 მარტი, 2018 • 3058
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული წიგნების 300–მდე თარგმანი წარდგება

წიგნის ეროვნული ცენტრის ცნობით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 300–მდე ქართული თარგმანი წარდგება, რომელთა დიდი ნაწილი თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები იქნება.

დღეს, 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა და სპორტისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინეს.

წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც წიგნის ეროვნული ცენტრი დაარსდა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს, 200–მდე წიგნი ითარგმნა. დარჩენილი 100 ნაწარმოები წელს, ოქტომბრამდე უნდა ითარგმნოს.

დეა მეტრეველის თქმით, 300 წიგნიდან 130 გერმანულ ენაზე იქნება თარგმნილი. ბაზრობაზე კი 50 ქართველი მწერალი წარდგება. იგი ამბობს, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში 400–ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში.

დეა მეტრეველმა აღნიშნა, რომ წიგნის ბაზრობაზე წარდგენილი იქნებიან ქართველი კლასიკოსები, ასევე, თანამედროვე მწერლები. ფესტივალზე ასევე წარადგენენ აგიოგრაფიული ნაწარმოებების კრებულს.

“უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ თანამედროვე მსოფლიოს აინტერესებს თანამედროვე ლიტერატურული პროცესი”, – ამბობს დეა მეტრეველი.

წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ცენტრს ჰყავს სპეციალური საბჭო, რომელიც ყველა განცხადებას განიხილავდა და გადასათარგმნ წიგნებს არჩევდა. მან დასძინა, რომ ჟანრობრივი თვალსაზრისით ბალანსი დაცულია.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა საქართველოს აძლევს კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვეობის წარმოჩენის საშუალებას.

წიგნის ეროვნული ცენტრის ცნობით, ღონისძიებები დაგეგმილია 29 ქალაქში. ქართველი ავტორები 20-მდე ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას, გაიმართება დისკუსიები, ილუსტრატორების პროგრამა, კონფერენციები.

ცენტრის ცნობით, წიგნის ბაზრობის პროგრამა იანვრიდან დაიწყო, როდესაც თბილისში ლიტერატურულ ფორუმ–დიალოგს უმასპინძლეს.

დეა მეტრეველმა აღნიშნა, რომ წელს ბერლინალეს სექციაში მოხვდა ტურაშვილის წიგნი “სხვა ამსტერდამი”. ხოლო კიოლნის წიგნის ბაზრობაზე ნაირა გელაშვილის მოთხრობის “მივემგზავრები მადრიდს” პრეზენტაცია გაიმართება. მარტში ამავე წიგნის ბაზრობაზე 23 ქართველი ავტორის წიგნების პრეზენტაციები გაიმართება. რასაც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ქართველი ავტორების მონაწილეობა მოჰყვება.

რაც შეეხება საპატიო სტუმრის პავილიონს, ის ჯერ კიდევ ვითარდება. დეა მეტრეველის თქმით, მაისის ბოლოს გაიმართება დამატებითი პრეზენტაცია, სადაც წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე ისაუბრებენ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 წლის 10–14 ოქტომბერს გაიმართება, მასში მონაწილეობას ქართველი მწერლები და გამომცემლობები მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი