პოლიციელის მიერ მეგობარ ქალზე ძალადობის გამოუძიებლობის გამო ევროსასამართლოს მიმართეს

ორმა არასამთავრობომ საქართველოს წინააღმეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მათი თქმით, სამართალდამცავებმა სათანადოდ არ გამოიძიეს პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ მეგობარი ქალის თ.ტ-ს სისტემატური ძალადობის ფაქტი.

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ევროსასამართლოს მიმდინარე წლის 6 მარტს მიმართეს.

GDI-ის ცნობთ, საქართველოს მოქალაქე ქალი თ.ტ. მისი მეგობარი კაცის, საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნის, საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ხარისხის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი ბერიძის მხრიდან 2015-16 წლებში განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. საქმეში იკვეთება ინტენსიური ფიზიკური ძალადობის 6 დამოუკიდებელი შემთხვევა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, მსხვერპლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით და მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ძალადობის საფუძველი ძირითადად სქესის ნიშნით დისკრიმინაცია იყო.

“ძალადობის გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება ითქვას, რომ მოძალადე მოქმედებდა, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, იყენებდა საკუთარ თანამდებობას და გავლენებს ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავთა მხრიდან მის მიმართ წარმოებული სამართლებრივ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით”, – აცხადებს GDI.

ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო, ძირითად შემთხვევებში, ინფორმირებული იყო თ.ტ-ს მიმართ მიმდინარე სისტემატიური ძალადობის შესახებ. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი ორგანოებისა და ზოგადად სახელმწიფოს ქმედებები არაეფექტური იყო მსხვერპლის მიმართ  ძალადობის აღკვეთის, პრევენციისა და სავარაუდო დანაშაულების გამოძიების კუთხით.

მაგალითად, საქართველოს პროკურატურამ 2015 წლის ოქტომბერში ჩადენილ ძალადობაზე დაწყებული გამოძიება 2016 წლის მაისში დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძვლით შეწყვიტა. თუმცა იმავე ფაქტზე საქართველოს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გიორგი ბერიძეს დისციპლინური გადაცდომა დაუდგინა და აღნიშნა, რომ დისციპლინური გადაცდომა „მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქე თ.ტ-ს მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დამამცირებელ მოპყრობაში, რასაც შედეგად მოჰყვა თ.ტ-ს მიერ თვითდაზიანება.“

2016 წლის ივლისში თ.ტ-ს მიმართ განმეორებით ჩადენილ ძალადობაზე დაწყებული გამოძიება კი დღემდე, უშედეგოდ გრძელდება, რაც, GDI-ის თქმით, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

2018 წლის 5 მარტის დასკვნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადასტურა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა, გიორგი ბერიძემ, 2016 წლის 4, 18 თებერვალსა და 16 ივნისს თ.ტ-ს პერსონალური მონაცემები არასამსახურეობრივი (პირადი) მიზნით შსს-ს მონაცემთა ბაზებში უკანონოდ გადაამოწმა.

GDI თ.ტ-ს ინტერესებს 2017 წლის ივლისიდან იცავს. GDI ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივნის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.