ახალი ამბებისაზოგადოება

რისთვის იბრძოდნენ ქართველი ქალები 100 წლის წინ – ფემინის-ტური თბილისში [ფოტო]

8 მარტი, 2018 • 7550
რისთვის იბრძოდნენ ქართველი ქალები 100 წლის წინ – ფემინის-ტური თბილისში [ფოტო]

ერთი საუკუნის წინ უფლებებისთვის მებრძოლი ქართველი ქალების ამაღელვებელი და ზოგ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის უცნობი ისტორიების გახსენებით აღნიშნა 8 მარტი ფემინისტების დამუკიდებელმა ჯგუფმა.

“მსვლელობა ქალთა ისტორიის დასაბრუნებლად” -ასე ერქვა 8 მარტს მათ მიერ ორგანიზებულ “ფემინის-ტურს”.

“ქალებს საქართველოში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ძალიან ბევრ საკითხში, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე, ქალების გათავისუფლებისთვის. მაგრამ ისტორიის მანძილზე მათი ეს საქმიანობა რატომღაც დავიწყებული იქნა და წაიშალა. ამიტომ გვინდა, რომ ქალების დაკარგული ისტორია რაღაცნაირად გავაცოცხლოთ,”- განმარტავს ტურის მონაწილე სალომე ჟვანია.

ფემინის-ტური თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

” ეს არის ქართველი ქალების ისტორიები, რომლებიც ცხოვრობდნენ 100 წლის წინ და ჰქონდათ ისეთი პროგრესული იდეები ქალთა უფლებებსა და ქალთა გაძლიერებაზე, რომლებიც დღევანდელ ფემინისტურ და ქალთა უფლებების აქტივიზმში მიიჩნევა ძალიან პროგრესულად და სერიოზულად. მათი ისტორიების გაცოცხლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ფემინიზმი არ არის უცხოეთიდან და დასავლეთის სამყაროდან თავსმოხვეული იდეოლოგია, რომ ეს არის იდეოლოგია, რომელიც გაჩნდა ჩვენში,”- ამბობს ნეტგაზეთთან ფემინის-ტურის მონაწილე თმარ დეკანოსიძე.

ისტორიული ტექსტები ხუთი ქალის შესახებ, რომელიც 8 მარტს ფემინის-ტურზე თბილისის ხუთ სხვადასხვა ადგილას წაიკითხეს,  თამთა მელაშვილმა და ლელა გაფრინდაშვილმა შეადგინეს.

ნინო ტყეშელაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თავიდან ტურის მონაწილეები შეიკრიბნენ თსუ-ის პირველ კორპუსთან, სადაც 1917 წელს მაშინდელ ვაჟთა გიმნაზიაში ფემინისტმა ნინო ტყეშელაშვილმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აუცილებლობაზე საჯარო სიტყვა წარმოთქვა.

ალა პარუნოვამ, რომელმაც 101 წლის შემდეგ ზუსტად იმავე ადგილას ამ სიტყვის შესახებ ისტორია წაიკითხა, ნეტგაზეთთან საუბრისას თქვა, რომ ნინო ტყეშელაშვილის წინააღმდეგ მაშინ ისეთივე არგუმენტები მოჰყავდათ, როგორიც დღევანდელ პოლიტიკოსებს კვოტირების წინააღმდეგ აქვთ.

თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტთან ალა პარუნოვა კითხულობს ნინო ტყყეშელაშვილის წერილს მის პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებით. თბილისში 8 მარტს ფემინის-ტური გაიმართა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

“ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ ქალის დაუხმარებლად. თქვენ ოც კაცში ერთი ქალი აგირჩევიათ. ესაა თქვენი სამართალი?” – ნინო ტყეშელაშვილის ისტორია

“ქართულ სუფრაჟიმზმში განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩეოდა ფემინისტი ნინო ტყეშელაშვილი, რომელსაც თავად აკაკი წერეთელმა უწოდა “საქართველოს პირველი სუფრაჟისტკა”. ტყეშელაშვილი ჯერ კიდევ ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში სწავლისას ჩაერთო სამოქალაქო აქტვიზმში და განსაკუთრებით 1917-18 წლებში გააქტიურდა, როცა ჯერ რევოლუციამ და მერე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამ ქართველ ფემინისტებს უკეთესი მომავლის, თანასწორობისა და სამართლიანობის იმედი გაუღვიძა.

“ჩვენ ვღელავდით. ჩვენ გვწყუროდა მალე ჩავბმულიყავით სოციალურ მუშაობაში. ამ მიზნით მოვახთინეთ კრება, ავირჩიეთ ორი დელეგატი და გავაგზავნეთ დროებით მთავრობასთან. იქიდან უარი მოვიდა. შემდეგ უფრო დიდი კრება გავმართეთ ყველა ქალთა ორგანიზაციების (14 ორგანიზაცია). 1917 წლის 13 მარტს დელეგატებმა სახელოსონო კლუბში დაადგინეს: მოახთინონ მანიფერსტაცია მახლობელ უქმე დღეებში და გაგზავნონ ორი პირი დელეგატებისგან, რათა მოითხოვონ დროებითმა მთავრობამ ქალთა ორგანიზაციის დელეგატები მიიღონ აღმასრულებელ კომიტეტში… ორი დღის მერე, ესე იგი 15 მარტს ეს კრება გაიმართა ნინო ნაკაშიძის ბინაზე, აქ საბოლოოდ გადაწყვიტეს გაეგზავნათ დროებით მთავრობასთან ორი წარმომადგენელი ზემოხსენებული მოთხოვნით. განმეორებით უარი მივიღეთ. ამის შემდეგ მენშვიკების დროს ჩვენი წევრები შეეცადნენ, რომ რაიონულ კომიტეტში გასულიყვნენ, მაგრამ ვერას გახთენ. მე მომყავს ერთი დამახასიათებელი შემთხვევა მათი ეგოიზმისა.

გავიგეთ, რომ რაიონული არჩევნები იყო ქართულ გიმნაზიაში. იქ წავედით მე და ჩემი ამხანაგი, მხოლოდ დაგვაგვიანდა. ყველა პარტიების წარმომადგენელთ ელაპარაკნა, თავმჯდომარე მენშევიკი აპირებდა თავის სიის წაკითხვას. შესდგა ფეხი ესტრადაზე, მე კალთაზე დავსწიე და ჩამოვიყავნე. “რა გნებავს” – შემეკითხა. “მინდა ვილაპარაკო” -ვუპასუხე მე. “მე სიას წავიკითხავ, შემდეგ თქვენ ილაპრაკეთო” სთქვა რა ეს, დააპირა ასვლა, მე კიდევ დაბლა ჩამოვიყვანე. ამხანაგმა შემაჩერა: “დეე წაიკითხოს, მერმე ჩვენ ვილაპარაკოთო”.

თავმჯდომარემ წაიკითხა სია. ოც კაცში მხოლოდ ერთი ქალი ერია. ილაპარაკა ჩემმა ამხანაგმა, მერმე მე. გაბრაზებულმა ასე დავიწყე: “მე მჭერმეტყველი არა ვარ, საზოგადოებაში ლაპარაკს ვერიდები, მაგრამ თქვენ იმისთანა უსამართლობა ჩაიდინეთ, რომ ქვასაც ენას ამოადგმევინებთ, ქალი არა თუ შვილს ზრდის, ოჯახს უვლის, საზოგადოებასაც ემსახურება… ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამთ ქალის დაუხმარებლათ. თქვენ ოც კაცში ერთი ქალი აგირჩევიათ. ესაა თქვენი სამართალი?” ჩემმა სიტყვამ დიდი აურზაური გამოიწვია. “ჩვენ პარტიაში მომზადებული ქალი მეტი ვერ ვნახეთ” ეს ნავთის დასხმა იყო ცეცხლზე. ხალხი აღელდა. აქ ცოტა ხანს შეწყვიტეს კრება. გამართეს ჩემთან მოლაპარაკება. მთხოვეს ერთი ქალი დამესახელებია. მე მინდოდა ხუთი გამეყვანა და რადგან მე არ დავთანხმდი, მათ სიაში ერთი მენშევიჩქა შეიყვანეს და ხუთი კაცი თან მიაყოლეს. მეც გაწბილებული წამოვედი”.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ ფემინის-ტურის მონაწილეებმა მეორე ადგილზე – თსუ-ის პირველი კორპუსიდან კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიისკენ გადაინაცვლეს.

კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორია – ბაბილინა ხოსიტაშვილი

ტურის ორგანიზატორები გვიყვებიან, რომ ამჟამინდელ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა თბილისის საბებიო ინსტიტუტი. მისმა კურსდამთავრებულებმა, მათ შორის კატო მიქელაძემ, ნინო ნაკაშიძემ, მე-20 საუკუნის დასაწყისში ფემინისტური აქტივიზმი ქალთა ჯანმრთელობის უფლებების საკითხებით წამოიწყეს.

ნინო ჟვანიამ ფემინის-ტურის მეორე ადგილზე, სწორედ ამ ადგილის მახლობლად წაიკითხა ბაბილინა ხოსიტაშვილის ტექსტი, რომელიც ქალთა სექსუალობას ეხება.

”ქალის პასიური როლი სქესობრივ აქტის შესრულების პროცესში არ არის მისი ბუნებრივი დანიშნულება” – ბაბილინა ხოსიტაშვილი

“საქართველოში ფემინისტური აქტივიზმი თავიდანავე მრავალფეროვანი იყო. ის არ იყო მიმართული მხოლოდ განათლების უფლებებისა და პოლიტიკური მონაწილეობისკენ, ფემინისტები ასევე ბევრს მსჯელობდნენ ქალთა ჯამრთელობისა და სექსუალობის საკითხებზე. ქალთა სექსუალობაზე მსჯელობა მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდეც გაგრძელდა. სექსულობაზე ბევრს წერდა სოციალისტი ფემინისტი ბაბილინა ხოსიტაშვილი, რომლის მნიშვნელოვან ტექსტსაც იხილავთ ქვემოთ.

“ქალის პასივობაში გადასვლა გამოწვეულია მამაკაცის ჰეგემონიით, რომლის ნაყოფი იყო თანდათანობით განმტკიცებული მეშჩანური მორალი, რაც განსაკუთრებით ქალებზე ვრცელდებოდა მათი დამორჩილება-გაპასივების გზით. სწორედ ეს საუკუნოებით ბურჯვგადმგული პასსივობის უღელი უნდა აიგდოს კისრიდან დღეს შეგნებულმა დედაცმა…

ვიმეორებ რომ ქალის პასიური როლი სქესობრივ აქტის შესრულების პროცესში, არ არის მისი ბუნებრივი დანიშნულება, არამედ გამოწვეულია იგი ერთი მხრივ (მამაკაცის მხრივ) ძალადობა-დამორჩილებით, ანუ ურცხვობით; მეორე მხრივ, (ქალის მხრივ) დათმობით-ნამუსიანობით ანუ მორცხვობით. აქედან წარმოშობილი
მსჯავრი, რომ ქალის მხრივ აქტივობა ავხორცობაა. თუ აქტივობა სქესობრივ კავშირის პროცესში ავხორცობად არ
იცნობა ერთი მხრივ, მაშინ [ის] ორივე მხარეზე უნდა ვრცელდებოდეს, როგორც მორალური უფლება და არც ერთ მხარეს არ აძლევდეს დამორჩილების უპირატესობას. ფიზიოლოგიურ კვლევით ცნობილია, რომ ქალის პასიურად დარჩენა, აღნიშნულ მომენტში, იწვევს (ქალის მხრივ) ვნებათააშლილობის დაუსრულებლობას, რადგან კმაყოფის მიღწევა მხოლოდ აქტივობით შეიძლება.

თუ საჭიროა კაცობრიობის ფსიქო-ფიზიოლოგიური წონასწორობა, ნორმალობაზე დაყენება, დედაკაცმა უნდა დაიბრუნოს აქტივობის უნარი სულიერად და ხორციელადაც. მორალური თავისუფლება გაჰშლის დედაკაცის აზროვნების სფეროს, აამაღლებს ინტელექტუალურად, ხოლო ეს უკანასკნელი მისცემს უნარს ქვეყნის მართვაში მონაწილეობისას, რის გარეშე შეუძლებელია სოციალიზმის სამეფოში შესვლა კაცობრიობისთვის”

სალომე ჟვანია ფილარმონიასთან კითხულობს ტექსტს ბაბილინა ხოსიტაშვილის შესახებ. ეს ტერიტორია იყო ერთ-ერთი ლოკაცია ფემინის-ტურისა, რომელიც, თბილისში 8 მარტს გაიმართა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

ეკატერინე გაბაშვილის სახლი-სასწავლებელი

მესამე ადგილად რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია იყო შერჩეული, სადაც ეკატერინე გაბაშვილის სახლი-სასწავლებელი მდებარეობდა. როგორც ია ბახტაძემ ტურის მონაწილეებს განუმარტა, მე-19 საუკუნის ბოლოდან ეს იყო ქალთა პირველი პროფესიული სასწავლებელი, სადაც ეკატერინე ღარიბ გოგონებსაც აძლევდა განათლების მიღების საშუალებას, შემდგომში კი ეს სივრცე ბევრი ფემინისტური ინიციატივის წამოწყების ადგილი გახდა.

“ქალის შრომა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება პატივაყრილი და „მწერლის კაბინეტი“ ვინ იცის როდის ეღირსება დედაკაცს…” – ეკატერინე გაბაშვილი

“ეკატერინე გაბაშვილს დიდხანს იცნობდნენ მხოლოდ როგორც საბაშვო მწერალს. ის კი ქართული ფემინიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა და პირველთაგანი, ვინც ქალთა განათლებისთვის თავდაუზოგავი ბრძოლა წამოიწყო. გაბაშვილი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ქალთა პროფესიული სკოლის დამაარსებელი, ძალიან ბევრი ფემინისტური ინიციატივის ხელშემწყობი. მისი ლიტერატურაც ყოველთვის სოციალურ თემატიკას ეხებოდა, მათ შორის ძალიან ხშირად ქალთა საკითხებს. ითვლება, რომ გაბაშვილი ქართულ ლიტერატურაში ნოველის ჟანრის ფეძემდებელიცაა.

კინოს სახლის მიმდებარე ტორიტორიაზე ია ბახტაძე ფემინის-ტურის მონაწილეებს ეკატერინე გაბაშვილის შესახებ უყვება. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

ეკატერინე გაბაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ 11 შვილი ჰყავდა და მისთვის ძალიან ახლობელი იყო დიასახლისისა და დედის ცხოვრების სირთულეები, სიცოცხლის ბოლომდე დიდი ძალისხმევის საფუძველზე ახერხებდა დარჩენილიყო საზოგადოებრივად აქტიური ქალი. გაბაშვილისთვის არც ქალის, როგორც მწერლის, სირთულეები იყო უცხო. ის არაერთხელ შეხებია ამ საკითხს პროზაშიც და პირად წერილებშიც, რომელთაც მეგობრებს წერდა. ერთ-ერთ წერილში ის წერდა:

„წარმოიდგინე, რომ მე ჯერაც კალამი არ ამიღია ხელში და ყოველი შენგნით მოცემული მასალები და ჩემი ნაფიქრალი და გარდატანილიც, საფუძვლიანათ არ ამინუსხავს. ახალქალაქში ოთხი ოთახი მაქვს და ოთხივე გამოტენილია ჩემი შვილებით და შვილიშვილებით. ჩემი ოთახი მუდამ ხმაურობითა და ბავშვთა ცელქობით არის აკლებული, წიგნები და საწერი მაგიდა მათ სათამაშოთ არის ქცეული… ეს, რასაკვირველია, მწერალი ქალისთვის არ არის მოსაწონი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, მწერლობა ქართველებში ჯერ პატივცემული არ არი და მეც იმდენათ ვარ ტკბილი ბებია, რომ სხვა რიგათ ჩემი ცხოვრების მოწყობას ვერ ვახერხებ. ვწერ მხოლოდ შემთხვევით და დამუშავებას და გაშალაშინებას ვინ მაღირსებს, ამიტომ ყოველი ჩემი ნაწერი თითქო გეგმაა სხვა მომავალი სამუშაოსი და არა დამთავრებული სახელოვნო ნაწარმოები. ქალის შრომა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება პატივაყრილი და „მწერლის კაბინეტი“ ვინ იცის როდის ეღირსება დედაკაცს, თუ ის შენსავით მარტო ხელი არ არის და ჩემსავით შვილიშვილებით არის დატვირთული…“

გაბაშვილის ფემინისტური აქტივიზმი ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივი იყო, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან თავისი პროფესიული სკოლის საშუალებით, რომელიც 1883 წელს გახსნა და რომელმაც ორმოც წელზე მეტხანს იარსება, ძალიან ბევრ ხელმოკლე და დაბალი სოციალური ფენის ქალს მისცა განათლების საშუალება. ეკატერინეს სკოლა რომ არა, სწავლას ეს ქალები ვერ მოახერხებდნენ. პროფესიული განათლების მიღების შემდეგ მათ უჩნდებოდათ საკუთარი შემოსავალი და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებდნენ. ეკატერინეს პროფესიული სკოლის მოსწავლეები სიცოცხლის ბოლომდე იხსენებდნენ მას, როგორც “დიდ დედას”, მასწავლებელსა და განმანათლებელს.”

კატო მიქელაძე – ოპერის მიმდებარე ტერიტორია

ფემინის-ტურის მომდევნო ადგილი რუსთაველის გამზირზე ოპერის მიმდენაბარე ტერიტორია იყო.

როგორც ტურის ორგანიზატორებმა განმარტეს,  1917 წლის 19 ნოემბერს, მაშინდელ “სახაზინო თეატრში” გაიმართა ეროვნული ყრილობა, სადაც ფემინისტ კატო მიქელაძეს სიტყვის წარმოთქმის საშუალება აკაკი ჩხენკელმა არ მისცა. შემდგომში კატომ თავისი სიტყვა წერილად გამოაქვეყნა გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“, რომელიც მისი თაოსნობით იბეჭდებოდა 1917-18 წლებში.

“ჩვენ სიმბოლურად გავაჟღერეთ ეს სიტყვა, რომელი შემდეგ მან გაზეთში დაბეჭდა,”- გვითხრა  ფემინის-ტურის მონაწილე ნუკრი ტაბიძემ. სწორედ მან წაიკითხა ოპერის თეატრთან კატო მიქელაძის წერილი.

ნუკრი ტაბიძე ოპერის შენობასთან კითხულობს ნაწყვეტს კატო მიელაძის სიტყვიდან, რმლის წარმოთქმაც მას 1917 წლის 20 ნოემბრის ეროვნულ ყრილობაზე სურდა, თუმცა, ამის უფლება მას აკაკი ჩხენკელმა არ მისცა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

“ისტორიამ არ იცის უფრო სამარცხვინო მოვლენა, როგორიც არის თავისი უცნაური შედეგით მონობა დედაკაცისა” – კატო მიქელაძე

“კატო მიქელაძის მიერ დაარსებული ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბი ერთგვარ “საამქროდ” იყო ჩაფიქრებული, რომელიც ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად გზას გაუხსნიდა და პოლიტიკური კარიერისთვის მოამზადებდა. მიქელაძეს შემუშავებული ჰქონდა კლუბის პროგრამაც, რომელიც სხვა არაფერია თუ არა 100 წლის წინ დაწერილი გენდერული თანასწორობის კანონი. ამ პროგრამის მიხედვით ქალისა და კაცის “სწორუფლიანობა” ახალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

ნაწყვეტი კატო მიქელაძის სიტყვიდან, რომლის წარმოთქმის უფლება მას არ მისცა აკაკი ჩხენკელმა ეროვნულ ყრილობაზე 20 ნოემბერს  თბილისში:

საქართველოს მოქალაქენო,

აღტაცებული იმ დიდი საისტორიო ნაბიჯით, რომელიც დღეს აქ გადადგეს საქართველოსათვის მებრძოლმა მამულიშვილებმა, მე, როგორც წარმომადგენელს ქუთაისის ინტერპარტიული ორგანიზაციისას, ვალად დამდვეს იმ დროს, როცა ირკვევა ფორმა და საძირკველი ჩვენი ეროვნული ცხოვრებისა, გარდავსცე ეროვნულ ყრილობას გულის თქმა და ზრახვანი ქართველი ქალებისა, რომ განახლებულმა საქართველომ ერთხელ და სამუდამოთ მოსპოს ბარბაროსული ნაშთი ქალთა მონობისა.

საქართველოს მოქალაქენო! ისტორიამ არ იცის უფრო სამარცხვინო მოვლენა, როგორიც არის თავისი უცნაური შედეგით მონობა დედაკაცისა. უდიდესი უბედურება ერისა და კაცობრიობისა არის დავიწყება და უყურადღებობა დედრობითი სქესის ბუნებრივი და მოქალაქური უფლებისა. თქვენ, რომელნიც ებრძვით ძალმომრეობას, იმ ძალმომრეობას, რომელმაც პირველად დედაკაცის ადამიანური პიროვნება დაამონავა, ჩვენ, ქართველი ქალები, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ საქართველოს განახლებულ ეროვნულ შენობაში ამ სიავეს და უსამართლობას არ შეიტანთ.

ძველმა რევოლიუციებმა თუ რომ დაამსხვრიეს დესპოტიური ფეოდალური წეს-წყობილება და დედაკაცის კარჩაკეტილ ცხოვრებას კარი გაუღეს, სამაგიეროდ, ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მათ ვერაფრით ვერ შესცვალეს, რომლის გამო ფხიზელი ნაწილი დედრობითი სქესისა თავის მწარე ხვედრზე ჩაფიქრებული, დღეს ოდნავ კულტურულ ქვეყანაში ბრძოლას აცხადებს.

ორგვარმა აღზრდამ, ორგვარმა სამართალმა და ზნეობამ იმდენათ განასხვავა ორთავე სქესის ცხოვრება და ადამიანობა, რომ ბუნებრივათ თავი უნდა ეჩინა იმ ანტაგონიზმს მათ შორის, რომელიც მოწინავე ქვეყნების ქალთა მოძრაობამ დაგვანახა. მართალია, არც რუსეთში და არც საქართველოში სქესთა დამოკიდებულება ასეთ სიმწვავემდე არ მისულა, მაგრამ არა მისთვის, რომ იქაც და აქაც ქალები არ ვყოფილიყავით დაინტერესებული ჩვენ ადამიანურ უფლებაზე, არამედ მისთვის, რომ ქალები იბრძოდენ, განსაკუთრებით რუსეთში, თავიანთ ძმებთან ერთად, იმ სულთამხუთავი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველას ერთნაირად სულს გვიხუთავდა იმ ერთადერთი მიზნით, რომ ხალხის თავისუფლება ნამდვილ, რეალურ სახეს მიიღებდა და ძმებთან ერთად დებიც პიროვნული და მოქალაქური უფლებით შეიმოსებოდა”.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტი – ნინო ყიფიანი

ფემინის-ტური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტთან დასრულდა. ლელა გაფრინდაშვილმა აქ ისაუბრა იმის შესახებ, რომ ამ საზოგადოების მოღვაწეობაში ქალების მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მოუხედავად, მონუმენტზე არცერთი ქალის სახელი არ არის დატანილი.

“მაშინ, როდესაც აღნიშნებოდა ამ საზოგადოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი თარიღი, ეს ქალები ყოველთვის ავიწყდებოდათ. ამ მონუმენტზე ძირითადად მამაკაცები არიან გამოსახული იმ წვლილის მიუხედავად, რაც ქალებმა შეიტანეს ამ საზოგადოების მუშაობაში” – თქვა ლელა გაფრინდაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

აბა მითხარით ერთი სად არის ქალი საზოგადო შრომაში გვერდში მდგარი მამა- კაცთან?” – ნინო ყიფიანი

“ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 19-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 1879 წლის 15 მაისს დაარსდა. ამ დღეს ჩატარდა საზოგადოების პირველი სხდომა, ანუ მეინახეობა, და აირჩიეს გამგეობის წევრები: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი. საზოგადოების თავმჯდომარე კი დიმიტრი ყიფიანი გახდა.

70-იანი წლების დასაწყისში საზოგადოების დაფუძნებისათვის ნიადაგი იმ პერიოდში მოღვაწე მამაკაცებთან ერთად იმ ქალებმაც მოამზადეს, რომელთაც რუსეთის იმპერიის მიერ დაარსებული გიმნაზიები დაამთავრეს და გააცნობიერეს ქართული სკოლების დაფუძნების აუცილებლობა. 1874 წელს ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილმა ახალციხეში დააარსა ქალთა სკოლა, ხოლო მარიამ მამაცაშვილმა- სოფელ ხოვლეში. რუსეთის იმპერიის მოხელეთა რუსიფიკაციის პოლიტიკასთან დაპირისპირება ადვილი საქმე არ იყო და ამ გზაზე ქალები განსაკუთრებული გამბედაობით გამოირჩეოდნენ.

ნინო ყიფიანი (მწერალი (1867-1937)):

”აბა მითხარით ერთი სად არის ქალი საზოგადო შრომაში გვერდში მდგარი მამა- კაცთან? გადაავლეთ თვალი ჩვენს კულტურულ დაწესებულებათ. რიცხვით საკმარისად ბევრია და ყოველ მათგანში საქმის მმართველად ზოგან 7 და 12 კაცშ ჭაჭანება არ არის ქალებისა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგს გამგეობასთან დროებით დაარსებულ კომისიებს ნივთიერი მხრის საზრუნავდა, ე. ი. ისევე ბილეთების გასაყიდად! და მაშ სად უნდა იყოს მოქმედება ქალისა, მომზადება და ზრუნვა მისი ისეთი დიდი როლისათვის მომავალში? ჰაერში ხომ ვერ დაიწყებს ციბრუტივით ტრიალსა.

არა, ბატონებო, ის რაც იყო ქართველი ქალი ჩვენს წარსულშის, მათ წამქეზებელ იმ დროის მამა-კაცებთან ერთად ისტორიად დარჩა, რადგან მომავლისთვის მას თქვენ არ მისცემთ ფართო გზას მასში ეროვნული შეგნების განმტკიცებისა და მოქმედებისათვის.

დღეს თუ აკეთებს რამეს ქალი, მხოლოდ გამოცალკავებით მამა-კაცებისაგან და ერთობა მუშაობისა უმეტესწილად გამოიხატება იმაში, რომ თქვენ მათ კრებას დაესწრებით და უმფროსის დაყვავების და წახალისების კილოთი ტაშს დაუკრავთ. ბარაქალა, ქალებო, საქმეს კარგად უძღვებით.

ამგვარ, ერთმანეთისაგან გათიშულ მუშაობასა და პირბადეს აფარებაში დიდი განსხვავება მაინც და მაინც არ არის!”

ლელა გაფრინდაშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტთან ნინო ყიფიანის წერილს კითხულობს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტთან ფემინის-ტურის მსვლელობა დასრულდა. მსვლელობის ამსახველი სხვა ფოტოები ნახეთ აქ:

ფემინის-ტურის მონაწილეები და ტკბილეულის გამყიდველი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

ფემინის-ტური თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

თბილისში 8 მარტს ფემინის-ტური გაიმართა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

თბილისში 8 მარტს ფემინის-ტური გაიმართა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

“შემოგვიერთდი და აღმოაჩინე მისი ისტორია” – წერია ფემინის-ტურის ერთ-ერთი მონაწილის პლაკატზე. თბილისში 8 მარტს ფემინისტ-ტური გაიმართა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

ფემინის-ტური თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

ფემინის-ტურის მონაწილეები და გამვლელები. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

ფემინის-ტური თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

თბილისში 8 მარტს ფემინის-ტური გაიმართა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

თბილისში 8 მარტს ფემინის-ტური გაიმართა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

თბილისში 8 მარტს ფემინის-ტური გაიმართა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

თბილისში 8 მარტს ფემინის-ტური გაიმართა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

ფემინის-ტური თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

ფემინის-ტური თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

ირაკლი ხვადაგიანი პარლამენტის შენობასთან ფემინის-ტურის მონაწილეებს პირველი რესპუბლიკაში ქალების როლზე უყვება. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

ფემინის-ტური თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 08.03.2018

მასალების გადაბეჭდვის წესი