ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სტრასბურგში აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის წინააღმდეგ ალიევის მთავრობის საჩივარი არ განიხილეს

8 მარტი, 2018 • 1603
სტრასბურგში აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის წინააღმდეგ ალიევის მთავრობის საჩივარი არ განიხილეს

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ არ განიხილა  აზერბაიჯანის მთავრობის საჩივარი  “რესპუბლიკური ალტერნატივის” ლიდერის, ილგარ მამადოვის საქმესთან დაკავშირებულ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ინფორმაციას გამოცემა კავკაზსკი უზელი ავრცელებს.

მამადოვის ადვოკატების განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მამადოვი აზერბაიჯაის ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს.

“სამი თვის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს – მოუხსნას მამადოვს ბრალდება, გაათავისუფლოს იგი და კომპენსაციის სახით 10 000 ევრო გადაუხადოს” – განუცხადა kavkaz-uzel-ს მამადოვის სახალხო დამცველმა, რასულ ჯაფაროვმა.

საქმე ეხება აზერბაიჯანის ოპოზიციური მოძრაობის, “რესპუბლიკური ალტერნატივის” (ReAl) ლიდერს, ილგარ მამადოვს, რომელიც აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. იგი ამავე წლის თებერვალში, ანტისახელისუფლებო აქციის დროს დააკავეს. 2014 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამადოვის დაკავება ადამიანის უფლებათა შელახვა იყო.

2017 წლის დეკემბერში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სასამართლო განხილვების ინიცირება მოახდინა. ეს პროცედურა, რომელიც ევროსასამართლოს აღუსრულებელი გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მინისტრთა კომიტეტმა პირველად გამოიყენა.

Kavkaz-uzel-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ მხარეებს წერილობითი კომენტარების წარსადგენად ვადა 2018 წლის 31 მარტამდე მისცა.

ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გადმოწია ექვსი თვით ადრე საპრეზიდენტო არჩევნები ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სწორედ ილგარ მამადოვია.

როგორც Worldview.stratfor.com წერს, შესაძლოა აზერბაიჯანს სურს თავიდან აიცილოს ევროსაბჭოს სანქციები, რომლებიც ადვოკატისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერ ილგარ მამადოვის დაპატიმრებასთან დაკავშირებით დაეკისრება. მათი აზრით, თუ აზერბაიჯანის მთავრობა სანქციების არიდების მიზნით მამადოვს გაათავისუფლებს, ამას არჩევნების შემდეგ იზამს, რათა მამადოვისგან პოლიტიკური გამოწვევა არ მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი