ახალი ამბები

მალაიზიური თვითმფრინავის ძებნის ბოლო ეტაპი – დეტალები, რაც ვიცით

8 მარტი, 2018 • 6455
მალაიზიური თვითმფრინავის ძებნის ბოლო ეტაპი – დეტალები, რაც ვიცით

ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777 ბორტზე მყოფ 239 ადამიანთან ერთად უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. თვითმფრინავი, რეისის ნომრით MH370, მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ამ დრომდე ყველაზე ამოუხსნელ ამოცანად რჩება. მის მოძებნაში უკვე დაიხარჯა 200 მილიონ დოლარზე მეტი, თუმცა- უშედეგოდ. ჯერჯერობით დამაიმედებელ კვალს ვერც ახალმა სამძებრო მისიამ მიაგნო. ძებნა გრძელდება.

ვინ ეძებს გაუჩინარებულ თვითმფრინავს

ბოინგ 777

მალაიზიის მთავრობის დაკვეთით სამძებრო სამუშაოები 2018 წლის 22 იანვარს ამერიკულმა კომპანია Ocean Infinity-მ განაახლა. კომპანიამ ინდოეთის ოკეანის ფსკერზე, სადაც სიღრმე 4-5 კილომეტრს აღწევს, სპეციალური მოწყობილობით 25 ათასი კვადრატული კილომეტრის მასშტაბის ტერიტორია უნდა შეამოწმოს. შედარებისთვის, მხოლოდ თბილისის ტერიტორია 762 კვადრატული კილომეტრია. ამ დროისათვის შემოწმებულია 16 ათასი კვადრატული კილომეტრი.

ვარაუდობენ, რომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისამდე გაგრძელდება, რადგან ამ პერიოდში გათვალისწინებულია ცუდი ამინდის გამო სამუშაოების შეჩერება, ასევე, სამძებრო გემის საწვავით შევსება. MH370-ს ავსტრალიის სანაპიროდან დაახლოებით 2 800 კილომეტრის მოშორებით ეძებენ, რაც დამატებით სირთულეს წარმოადგენს. ეს არის მიახლოებითი მანძილი თბილისიდან ბუდაპეშტამდე (უნგრეთი). სწორედ ამ მანძილის დაფარვა მოუწევს სამძებრო გემს მარაგების შესავსებად.

Ocean Infinity ერთადერთი პირობით ეძებს გაუშინარებულ ბოინგ 777-ს – ისინი ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ინდოეთის ოკეანეში ჩავარდნილი თვითმფრინავის კორპუსს იპოვიან. მათი ანაზღაურება გაიზრდება, თუ თვითმფრინავთან ერთად ე.წ. შავ ყუთებსაც მიაგნებენ. სწორედ ამ მოწყობილობების გაშფირვის მერე იქნება შესაძლებელი ავიალაინერის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზის დადგენა.

MH370-ის ძებნას სამი წლის განმავლობაში ავსტრალია ხელმძღვანელობდა. მისიაში 20-მდე ქვეყანა იყო ჩართული, დაიხარჯა 200 მილიონ დოლარზე მეტი, შემოწმდა ინდოეთის ოკეანის ფსკერის 120 ათასი კვადრატული კილომეტრი (საქართველოს მასშტაბი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, 69 700 კვადრატული კილომეტრია). ავსტრალიელებმა უშედეგო ძებნა 2017 წელს შეწყვიტეს.

რა ვიცით MH370-ის შესახებ?

რაც ზუსტად ვიცით გაუჩინარებულ თვითმფრინავზე, არის ის, რომ ნამდვილად ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა. 2015-2016 წლებში აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებსა და კუნძულ რეუნიონზე თვითმფრინავის არაერთი ნაწილი იპოვეს, მათ შორის, ფრთისა და როლს როისის ძრავის დეტალი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს ფრაგმენტები სწორედ გაუჩინარებული ბოინგ 777-ის ნაწილებია, აფრიკის სანაპიროებამდე კი ის ინდოეთის ოკეანის დინებამ ჩაიტანა.

ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ რეუნიონზე, 2015 წლის ივლისში ნაპოვნი თვითმფრინავის ფრთის ნაწილი. ფოტო: EPA/RAYMOND WAE TION FRANCE OUT, CORBIS OUT, BELGIUM OUT

ყველაფერი 2014 წლის 8 მარტს დაიწყო. მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777, რეისის ნომრით MH370, კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩინეთის დედაქალაქ პეკინისკენ 00:41 საათზე აფრინდა. ის დანიშნულების ადგილზე დაახლოებით 5 საათში, 06:30-ზე უნდა ჩაფრენილიყო.

მალაიზიის ავიახაზების ცნობით, თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში დაიკარგა. 01:07-ზე თვითმფრინავის კომპიუტერულმა სისტემამ მიწაზე ბოლო სიგნალი გამოუშვა. შემდეგი სიგნალი სისტემას 01:37-ზე უნდა გაეგზავნა, რაც არ მოხდა.

01:19-ზე MH370-ის ერთ-ერთი პილოტი მალაიზიელ ავიადისპეტჩერებს დაემშვიდობა. ეს იყო სტანდარტული პროცედურა, რადგან თვითმფრინავი ვიეტნამის საჰაერო სივრცეში გადავიდა. ის ამ დროს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ზემოთ იმყოფებოდა.

ვიეტნამელმა ავიადისპეტჩერებმა თქვეს, რომ 01:21 საათზე პილოტები მათთან კონტაქტზე არ გასულან. ზუსტად 02:15 საათზე მალაიზიურმა სამხედრო რადარმა MH370 ანდამანის ზღვის თავზე, ტაილანდის კუნძულ ფხუკეთის სამხრეთით დააფიქსირა. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავმა მალაიზიის საჰაერო სივრციდან გასვლისთანავე კურსიდან მკვეთრად გადაუხვია დასავლეთით და დაგეგმილი მარშრუტის საპირისპირო მიმართულებით გაფრინდა. ამის შემდეგ თვითმფრინავის კვალი იკარგება.

თუმცა სატელიტი პერიოდულად, დაახლოებით 7 საათის განმავლობაში იღებდა სპეციალურ სიგნალებს თვითმფრინავის ძრავების მუშაობის შესახებ. სპეციალისტები სწორედ ამის საფუძველზე ასკვნიან, რომ ავიალაინერმა რადარებიდან გაუჩინარების შემდეგ ამდენ ხანს იფრინა.

თანამედროვე თვითმფრინავის ძრავები, მიუხედავად იმისა, ლაინერზე გათიშულია თუ არა გადამცემი, სპეციალურ სიგნალს გზავნის სატელიტზე. ამ სიგნალების ანალიზით დადგინდა, რომ არსებობდა ორი ვარიანტი, საითაც MH370 შეიძლება გაფრენილიყო. პირველი ვარიანტი იყო აზიის, კერძოდ, ყაზახეთის მიმართულება, რაც მალევე გამოირიცხა. ამ შემთხვევაში თვითმფრინავს არაერთი ქვეყნის გადაფრენა მოუწევდა, რაც რადარებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. მეორე და ყველაზე რეალისტური ვარიანტის მიხედვით, თვითმფრინავმა გეზი ინდოეთის ოკეანის სამხრეთით აიღო, 7-საათიანი ფრენის შემდეგ კი ოკეანეში ჩავარდა. მის ამ მარშრუტს ვერცერთი რადარი დააფიქსირებდა, რადგან ეს არის მრავალათასკილომეტრიანი ღია სივრცე ოკეანეში. ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილიდან უახლოესი სანაპირო დასავლეთ ავსტრალიაა და იქამდე მინიმუმ 2 ათასი კილომეტრია.

ბოლო სიგნალი სატელიტმა 08:11 საათზე მიიღო. შემდეგი სიგნალი 09:15-ზე უნდა დაფიქსირებულიყო, რაც არ მოხდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში ჩამოვარდა MH370.

თვითმფრინავის ძებნის ოპერაციაში არაერთი ქვეყანა იყო ჩართული, გარდა ოკეანის ფსკერისა, თვეების განმავლობაში ამოწმებდნენ ოკეანის ზედაპირსაც. 2014 წლის აპრილის დასაწყისში ჩინურმა და ავსტრალიურმა სამძებრო მისიებმა ულტრაბგერითი სიგნალები დააფიქსირეს, რომელიც, სავარაუდოდ, ე.წ. შავი ყუთებისგან მოდიოდა. მცდელობის მიუხედავად, მოწყობილობების პოვნა ვერ მოხერხდა.

ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიურომ გამოძიების საბოლოო შედეგის ანგარიში 2017 წელს გამოაქვეყნა. დოკუმენტში არაფერი წერია კატასტროფის მიზეზებზე. ამის დადგენა მხოლოდ თვითმფრინავის პოვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამჟამინდელი სამძებრო მისია აცხადებს, რომ ისინი “ოპტიმისტურად” არიან განწყობილნი და თვითმფრინავის პოვნის იმედი არ დაუკარგავთ. მალაიზიის ოფიციალური პირების თქმით კი, ახალ სამძებრო არეალში თვითმფრინავის პოვნის 85-პროცენტიანი შანსი არსებობს.

ვინ არიან MH370-ის მგზავრები

გაუჩინარებულ ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი და 227 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 7 ბავშვი. ეკიპაჟის ყველა წევრი მალაიზიელი იყო, რაც შეეხება მგზავრებს, მათგან 153 ჩინელი იყო, 38 კი, მალაიზიელი. დანარჩენ მგზავრებს შორის იყვნენ კანადის, უკრაინის, ინდონეზიის, ავსტრალიის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, რუსეთის, ინდოეთის, ნიდერლანდებისა და ტაივანის მოქალაქეები.

MH370-ის ირანელი მგზავრები.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავში ყალბი პასპორტებით იმყოფებოდა ირანის ორი, 19 და 29 წლის, მოქალაქე. ისინი პეკინის გავლით გერმანიაში აპირებდნენ ჩასვლას, სადაც მუშაობასა და ცხოვრებას გეგმავდნენ. 19 წლის ირანელ პურია ნურ მოაჰამად მეჰრდადს ფრანკფურტში დედა ელოდებოდა, რომელმაც თვითმფრინავისა და შვილის გაუჩინარების ამბავი მედიიდან შეიტყო.

MH370-ის მგზავრებს შორის იყო ჩინელ არტისტთა 19-წევრიანი ჯგუფი. ისინი მალაიზიაში გამოფენაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც სახლში ბრუნდებოდნენ.

გაუჩინარებულებს შორისაა 42 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკტერ მუქერჯი. ის პეკინში ცოლთან ერთად ბრუნდებოდა. როგორც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, მუქერჯის ბაბუა ინდოეთის მთავრობის მინისტრი იყო და ისიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა 1970-იან წლებში.

გაუჩინარებულთა შორის იყო 50 წლის საფრანგეთის მოქალაქე ქალი, რომელიც თავის თინეიჯერ შვილებთან და ერთ-ერთი შვილის გელფრენდთან ერთად მალაიზიაში ისვენებდა. ისინი პეკინში ცხოვრობდნენ. იმ დღეს, როცა თვითმფრინავი გაუჩინარდა, პარიზიდან პეკინში მათთან შესახვედრად ჩაფრინდა ახალგაზრდების მამაც. თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ მას ფრანგმა დიპლომატებმა შეატყობინეს.

მალაიზიური ბოინგის ბორტზე სხვა ოჯახებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო ყველაზე ახალგაზრდა მგზავრი. 23 თვის ბავშვი მალაიზიიდან ჩინეთში მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად მგზავრობდა.

ბოინგ 777 მოსფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, უსაფრთხო და დიდი ზომის თვითმფრინავია. მისი გაუჩინარების საიდუმლოს ამოხსნა ავიაციისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რათა, პირველ რიგში, სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ფაქტები. გაუჩინარების შესახებ არსებული პასუხგაუცემელი კითხვები კი დიდ სივრცეს ტოვებს სპეკულაციებისთვის. კერძოდ, არაერთი ვარაუდი არსებობს, რომ თვითმფრინავში, შესაძლოა, გაჩნდა ხანძარი, ან დაირღვა ჰერმეტულობა, ყველა მგზავრი პილოტებთან ერთად მოულოდნელად დაიღუპა და ა.შ. განიხილება პილოტების მიერ მიზანმიმართული გატაცების სცენარიც. ყველა აღნიშნული ვარაუდი ვარაუდად დარჩება მანამ, სანამ არ იპოვიან თვითმფრინავს და კვალიფიციური ექსპერტები არ გასცემენ პასუხს მთავარ კითხვას – როგორ და რატომ გაუჩინარდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თვითმფრინავი 239 მგზავრთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი