ახალი ამბები

მიტროპოლიტი გრიგოლი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მსხვერპლია

7 მარტი, 2018 • 1770
მიტროპოლიტი გრიგოლი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე  მსხვერპლია

დღეს “ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა გრიგოლმა ციხეში მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბრის შინაარსზე ღიად არ ილაპარაკებდა. მისი თქმით, “ციანიდის საქმე” ბურუსით არის მოცული.

“რა თქმა უნდა, ბურუსი რაღაც ნაწილში გაიფანტა. რაღაც ნაწილში კიდევ უფრო მეტი კითხვები გაჩნდა. ყველაფერი როგორც არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი. მე ვერ ვიტყვი, რომ იგი უდანაშაულოა ან დამნაშავეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი არის მსხვერპლი. მე ეჭვი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია, რომ იგი ერთადერთი ყოფილიყო ამ საქმეში. თუ უდანაშაულოა, რატომ იმყოფება მაშინ საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც რჩება,”-აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მომზადება ედება. დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი