გიორგი ოქროპირიძეს სააპელაციოში მოსამართლის აცილების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს

7 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ ცრუ დასმენაში გამართლებული გიორგი ოქროპირიძის პოზიცია მოისმინა.

გიორგი ოქროპირიძეს, რომელიც ლაშა მახარაძის მკვლელობაშია მსჯავრდებული და სასჯელს იხდის, პროკურატურა ცრუ დასმენას ედავება. ამ საქმეზე ოქროპირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.

ოქროპირიძემ 7 მარტის პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა და ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ ენდობა სასამართლო სისტემას. მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გიორგი ოქროპირიძე ნახევარ საათზე მეტხანს ასაბუთებდა მის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საჭიროებას, რომელიც მოსამართლის აცილებას შეეხებოდა. ოქროპირიძე აცხადებს, რომ მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური, რადგან გერონტი კახეთელიძემ მის მიერ შეტანილ საჩივარზე განჩინებაც კი არ გამოაცხადა. ის ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლოა მოსამართლეზე ხორციელდებოდეს ზეწოლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.

მოსამართლე გერონტი კახათელიძემ კი განაცხადა, რომ ის არ იყო სააპელაციო საჩივარი, რაზეც გიორგი ოქროპირიძე საუბრობდა. მოსამართლე ასევე გამორიცხავს, რომ ვინმეს მხრიდან ხორციელდებოდეს მასზე ზეწოლა.

ოქროპირიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ის სასამართლო სისტემას, პროკურატურას და ყველა სხვა სახელმწიფო უწყებას ჩამოშლილს უწოდებს. როგორც მოსამართლის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ოქროპირიძემ განაცხადა, ის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო ტყვე. ასევე, განაცხადა, რომ მისი ოჯახის და მეგობრების წინააღმდეგ ხორციელდებოდა მუქარა. სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებში გიორგი ოქროპირიძე საქართველოს ყოფილ პრემიერსა და მის შვილს, ბერა ივანიშვილს ადანაშაულებს.

გერონტი კახეთელიძემ სააპელაციოში შემდეგი სხდომა 28 მარტს, 15:00 საათზე ჩანიშნა, სადაც მხარეები თავის პოზიციებს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 10 ნოემბერს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე, რომელსაც პროკურატურა ცრუ დასმენას ედავებოდა, უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა როგოც ცრუ დასმენის (სსკ-ს 373ე მუხლი), ასევე, ცრუ ჩვენების მიცემის (სსკ-ს 370-ე მუხლი) ნაწილში.

განაჩენი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოიტანა. მან განაჩენის წაკითხვისას განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა გიორგი ოქროპირიძის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა, რაც გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი გახდა.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ოქროპირიძეს პროკურატურამ ცრუ დასმენის ბრალი წაუყენა ბრალი წაუყენა. რომ არა ცრუ დასმენის შესახებ ბრალის წაყენება, ოქროპირიძე საპატიმროს დატოვებდა.

ცრუ დასმენის საქმე ეხება ბათუმის ციხეში ყოფნის პერიოდში, სახალხო დამცველისადმი 2014 წლის 22 სექტემბერს მიცემულ ახსნა-განმარტებას. ამ ახსნა-განმარტების გამო გიორგი ოქროპირიძეს ბრალი თითქმის 9 თვის შემდეგ, 2015 წლის ივნისში წაუყენეს. ახსნა-განმარტებაში, რომელიც პროკურატურამ “ცრუ დასმენად” შერაცხა, ოქროპირიძე აღწერდა, თუ როგორ აწამებდნენ. სასამართლომ ცრუ დასმენის საქმის განხილვა 2 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ დაასრულა.

პროკურატურის მიერ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა 2 დღის შემდეგ, 8 ივნისს, მას პროკურატურამ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი კვლავ შეუფარდა აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ ოქროპირიძე დამნაშავედ ცნო ლაშა მახარაძის მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოქროპირიძე ამჟამად სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.