ახალი ამბებისამართალი

ცემენტის ასოციაცია: შემოწმებული ცემენტის ნახევარზე მეტი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

7 მარტი, 2018 • 3185
ცემენტის ასოციაცია: შემოწმებული ცემენტის ნახევარზე მეტი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

“საქართველოს ცემენტის ასოციაციის” ცნობით, 2017 წლის დაკემბერში საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის ფარული ტესტირების შედეგად ოცდახუთი შემოწმებული ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტებით წაყენებული მოთხოვნები, სამმა კი მინიმალურად დასაშვები მაჩვენებელი აჩვენა.

მათივე ცნობით, 2017 წელს სამი ფარული ტესტირება ჩაატარეს, ეს შედგები კი რიგით მესამე კვლევამ აჩვენა.

კონკრეტულად რომელი ბრენდები ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს, ამის შესახებ ასოციაცია არ წერს.

“ევროპული სტანდარტის (EN 197-:2011) მოთხოვნების თანახმად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის ვარგისი ცემენტის სიმტკიცე კუმშვაზე უნდა აღემატებოდეს 32.5 MPA-ს.

ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით 2017 წლის აპრილში გამოცდილი 25 სხვადასხვა ცემენტებიდან მხოლოდ რვა აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს. 2017 წლის აგვისტოში გამოცდილი 27 სხვადასხვა ცემენტებიდან მხოლოდ ოთხი აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს. აღმოჩნდა, რომ ხარისხიანი ცემენტის დამზადებისთვის აუცილებელი საბაზისო კომპონენტების ნაცვლად გამოყენებული იყო იაფი და უვარგისი მასალები.

საქართველოს ბაზარზე ფალსიფიცირებული ცემენტის წილის 20 %-მდე ზრდამ ცხადყო, რომ მწარმოებლები ცდილობენ, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი შემოსავალი მომხმარებლის ხარჯზე. გასულ წელს დაახლოებით 300 000 ტონა დაბალი ხარისხის ცემენტი გაიყიდა, რაც საერთო ბაზრის 13 %-ს შეადგენს.

ასოციაციის განცხადებით,  2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხარისხის კონტროლის კოორდინაციას ახორციელებს ააიპ „საქართველოს ცემენტის ასოციაცია“.

“ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მწარმოებლებს, ისეთი  პროდუქტის წარმოებაში, რომელიც პასუხობს შეფუთვაზე მითითებულ სტანდარტს. საქართველოს ცემენტის ასოციაციის დღის წესრიგშია ასევე სახელმწიფო უწყებებთან და სამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია,”- ვკითხულობთ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი