აპატურაი: არარეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრება მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არ არის რეალისტური, ხალხმა ამ თემაზე იფიქროს და იმსჯელოს. ალიანსის წევრი ქვეყნების ყურადღება კონცენტრირებულია ქართული რეფორმების მხარდაჭერაზე. ეს არის საკითხი, რაზეც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს კონსენსუსი მიღწეული აქვთ. “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიმართ პატივისცემის მიუხედავად, არ არის კარგი იდეა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ გაჩნდეს ამ სცენარის ირგვლივ მოლოდინი საზოგადოებაში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ “პირველი არხისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

კვლევითმა და ანალიტიკურმა ცენტრმა “Heritage Foundation” გამოაქვეყნა მკვლევარ ლუკ კოფის ნარკვევი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრებას ეხება. დოკუმენტში წერია, რომ პირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმა არიან, საქართველო იმ პირობით გახდეს ნატოს წევრი, თუ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე.

ეს ნიშნავს, რომ ამ ორი რეგიონის გამო საქართველოს აღარ მოუწევს ჩაბმა ნატოს შეიარაღებულ კონფლიქტში, რადგან მეხუთე მუხლის მიხედვით, ერთ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ნიშნავს, რომ ყველა წევრს დაესხნენ თავს და ნატოც კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობით პასუხობს აგრესიას. აქედან გამომდინარე, მეხუთე მუხლის მოქმედება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე იმ დროს გავრცელდება, როცა პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდება და ამ ორ რეგიონზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი აღდგება.

ჯეიმს აპატურაი “პირველ არხთან” ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ნატო-ს სახელმწიფოებს ლუკ კოფის მიერ წარმოდგენილ საკითხზე არ უმსჯელიათ. მისივე განცხადებით, ამ სცენარის შემთხვევაში ძალიან მარტივი იქნება პროვოკაციების და კონფლიქტის გაღვივების შესაძლებლობა.

“არ ვფიქრობ, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები მზად იყვნენ ამ რისკისთვის და დესტაბილიზაციის შექმნის საშიშროებისთვის. ექსპერტები ისტორიულ მაგალითებზეც საუბრობენ. ერთადერთ მაგალითად შეიძლება ცივი ომის დროინდელი გერმანია მოვიყვანოთ. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს სრულიად განსხვავებული შემთხვევა და სცენარი იყო. ალიანსმა მაშინ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად იყო გერმანიის იმ ნაწილის დასაცავად, რომელიც ნატოში იყო გაწევრიანებული, საომარ მოქმედებებში ჩართულიყო. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილი სცენარს და ცივი ომის დროინდელ გერმანიას შორის პარალელს ვერ გავავლებთ. ეს განსხვავებული სცენარია“, – ამბობს ჯეიმს აპატურაი.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა არის სირთულე, მაგრამ არა წინაღობა

“არაერთხელ ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რუსეთი წლებია, საქართველოს ტერიტორიებზე იმყოფება და ამ სირთულეების ცოდნის ფონზე ნატო აცხადებს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასე რომ, ეს სირთულე ნამდვილად არის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com