აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფულბრაიტის პროგრამის ბიუჯეტის 71%-ით შემცირება სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს, მნიშვნელოვნად შეამციროს სასწავლო-გაცვლითი პროგრამის, ფულბრაიტის დაფინანსება.

ფულბრაიტის პროგრამა მიიჩნევს, რომ მისი ბიუჯეტის 71%-ით შემცირება გაანადგურებს პროგრამას, რომელიც 71 წლის განმავლობაში აშშ-სა და 165 ქვეყანას შორის ძლიერი ინსტრუმენტი იყო მშვიდობისა და ურთიერთობის მშენებლობის გზაზე.

“პროგრამის ხარჯებთან დაკავშირებით კონგრესი მიიღებს გადაწყვეტილებას და მოხარული ვართ, რომ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერის ძიება იმ კონგრესმენებში, რომლებმაც შესაძლოა არ იციან პროგრამის შესახებ ან ვერ ხედავენ პროგრამის მნიშვნელობას ეროვნული უსაფრთხოების, ადგილობრივი ეკონომიკის და საერთაშორისო განათლების საქმეში”, – ნათქვამია პროგრამის ვებ-გვერდზე.

ფულბრაიტის პროგრამა წარმომადგენელთა პალატას და სენატს სთხოვს, მხარი არ დაუჭიროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადებას, რომელიც ფულბრაიტის პროგრამის ბიუჯეტის 71%-ით შემცირებას 2019 წლის ფისკალური წლისთვის ითვალისწინებს.

2018 წელს ფულბრაიტის 252 მილიონით დაფინანსება 4-წლიანი სტრატეგიის პირველი ნაბიჯია, რომელმაც პროგრამა 2010 წლის დაფინანსების ნიშნულზე უნდა აიყვანოს (4-წლიანი სტრატეგია ყოველწლიურად 5%-იან ზრდას ითვალილსწინებს). პროგრამა აცხადებს, რომ რეალურად, მისი ბიუჯეტი 2010 წელთან შედარებით 240 მილიონითაა შემცირებული (17%-ით).

ფულბრაიტის პროგრამაზე მომუშავე გუნდი მოუწოდებს ადამიანებს, 2018 წლის 19 მარტამდე ხელი მოაწერონ პეტიციას ან მისწერონ მათ  სენატორს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფულბრაიტის ბიუჯეტის შემცირებას გასულ წელსაც მოითხოვდა, თუმცა კონგრესმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.


ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მსოფლიოში. 2014 წლიდან დღემდე ამ პროგრამით 19-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება ამერიკაში. ფულბრაიტის პროგრამა ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. საქართველოში პროგრამის პარტნიორები არიან საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ და საქართველოს ბანკი.

2016 წლის ივლისში, საქართველოში ვიზიტის დროს, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოს მთავრობასთან ისტორიულ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა 2018 წლიდან გაორმაგდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com