ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსაცემად მეტ დროს ითხოვს

7 მარტი, 2018 • 2006
ოსური მხარე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსაცემად მეტ დროს ითხოვს

ოსური მხარე კვლავ უარს აცხადებს ცხინვალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე.

“ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაშიც და ამერიკაშიც მიღებულია. უნდა მოგვცეთ საშუალება, ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთოთ. მაგალითად, იმავე საქართველოში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას მინიმუმ ერთი თვე სჭირდება. ჩვენ ვშიშობთ, რომ ცხედრის გადმოცემით სასამართლო ექსპერტიზის გარეშე ჩვენ მეტ ნეგატივს მივიღებთ, ვიდრე ახლა. მოგვეცით საშუალება, ყველაფერი კანონით გავაკეთოთ”.

ეს განცხადება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში, ჟენევის დისკუსების თანათავმჯდომარეებთან დღვენდელ შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას ოსური სახელმწიფო სააგენტო რეს-ი ავრცელებს.

საქართველოში მომუშვე ექსპერტები ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ რაც უფრო დიდხანს დაგვიანდება ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ქართული მხარისთვის, მით უფრო რთული იქნება გარდაცვალების ზუსტი მიზეზისა და დაზიანებების აღმოჩენა.


საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის ამ დრომდე არ გადმოუცია რუსეთს და სამხრეთ ისეთის დე ფაქტო მთავრობას ოჯახისთვის.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს, თუმცა მათ ეკრძალებათ ახალგორის ტერიტორიის დატოვება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი