ახალი ამბები

კანონპროექტი: არაქართულენოვანი წარწერისთვის იურიდიული პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება

7 მარტი, 2018 • 1839
კანონპროექტი: არაქართულენოვანი წარწერისთვის იურიდიული პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება

კანონპროექტით, რომლის შესახებაც დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა, დედაქალაქში არსებულ აბრებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენებისთვის ფიზიკურ პირი ათასი ლარით დაჯარიმდება, იურიდიული კი – 3 ათასით.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, დღეის მდგომარეობით, აბრებზე არაქართულენოვანი წარწერისთვის ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 200, ხოლო იურიდიულისთვის 300 ლარია. მისივე თქმით, მერია კანონპროექტს პარლამენტში გააგზავნის, იმ პირებს კი, ვისაც აბრებზე არაქართული წარწერები აქვთ, “მდგომარეობის გამოსაწორებლად” ვადა აპრილამდე  მიეცემათ.

“ეს ის მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“რეკლამის შესახებ” კანონის მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში შეიძლება შესრულდეს უცხოურ ენაზეც. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას.

მასალების გადაბეჭდვის წესი