ახალი ამბები

ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამას სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს

7 მარტი, 2018 • 4095
ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამას სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს

ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამას სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა. მისი თქმით, სერგი გვარჯალაძე გამოცდილი მენეჯერია.

“მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ამ პროექტს უხელმძღვანელებს, ყველასათვის კარგად ნაცნობი ტელეპროდუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე,”-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ღამის ეკონომიკის მნიშვნელობაზც ისაუბრა. მისი თქმით, ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას.

“მნიშვნელოვანი საკითხია ღამის ეკონომიკის განვითარება, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდი წინასაარჩევნო პერიოდში. მგონია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება. ეს არის სიახლე და ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ თბილისშიც უნდა დაეთმოს ამას ყურადღება,”-განაცხადა კახა კალაძემ.

ღამის ეკონომიკის განვითარების შესახებ კახა კალაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა.

“სიცოცხლით სავსე ქალაქი, ეს არის თბილისის ცხოვრება. მომავალში ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალი წლების განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება არის თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება. არ იფიქროთ, რომ ეს არის მხოლოდ გართობა ან დასვენება. პირიქით – ეს პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და, რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვანია ჩვენი სიცოცხლით, ენერგიით სავსე ახალგაზრდებისათვის ჩართულობის მხრივ. მე ნამდვილად მეამაყება და მიხარია ის, რომ ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში იზრდება, თუმცა ასეთი პროექტების განხორციელებით უფრო მეტი ტურისტი უნდა მოვიზიდოთ, უფრო მიმზიდველი და საინტერესო უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა და ქალაქი უცხოელებისათვის,”-აცხადებდა კახა კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი