ბექაური: საქართველოში გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვლენ

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისია მუშაობს, რათა ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ GNCC-ის პრესსამსახური ავრცელებს.

ბექაურის ცნობით, კომპანიები ადგილობრივ ფიქსირებულ ინტერნეტ პროვაიდერებთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კახა ბექაურის განცხადებით, პროცესში გარკვეული შეფერხებები იყო, რასაც კომისია მკაცრად აკონტროლებს და არავის მისცემს შესაძლებლობას, მსხვილ უცხოურ კომპანიებს ბაზარზე შემოსვლაში ხელი შეუშალონ.

“კომისია აქტიურად მუშაობს, რომ საბითუმო ბაზარზე, და განსაკუთრებით ეს ეხება ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარს, შევქმნათ ძლიერი კონკურენცია. დღეს ამ ბაზარზე კონკურენციის კუთხით  ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ კომისია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ჩვენ მოვახერხებთ, რომ ამ ბაზარზე იყოს ძლიერი კონკურენცია, მაგრამ ამას დასჭირდება გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მათი შემოსვლის შემდეგ ბაზარზე ფასები იქნება ძალიან დაბალი. ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში, რათა სამართლიანად წარიმართოს ის და არსებულმა ოპერატორებმა პროცესს ხელი არ შეუშალონ. აქვე გეტყვით, რომ ცოტათი შეფერხდა ეს პროცესი და ახლა სწორედ ამას  ვარკვევ, როგორ და რატომ მოხდა ეს. გპირდებით, რომ არავის მივცემ ამ პროცესისთვის ხელის შეშლის შესაძლებლობას“ – განაცხადა კომისიის სხდომაზე კახა ბექაურმა.

ბექაურის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ფასი 32 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა და ეს ფასი კიდევ დაიწევს. თუმცა, მისივე თქმით, მხოლოდ ეს არ არის მთავარი:

„მთავარია გაყიდვის წერტილების შექმნა, ანუ საბითუმო ინფრასტრუქტურის დაშვებისა და ტარიფის რეგულაციების შემოღება. იმისთვის, რომ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მცირე და საშუალო ოპერატორებს საბითუმო ინტერნეტბაზარზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი ჰქონდეთ და კომისია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.