ახალი ამბები

ფორბსის მიხედვით, ილონ მასკის კაპიტალი $900 მილიონით შემცირდა

6 მარტი, 2018 • 3187
ფორბსის მიხედვით, ილონ მასკის კაპიტალი $900 მილიონით შემცირდა

ფორბსმა 2018 წლის მილიარდერების სია გამოაქვეყნა. წინა წელთან შედარებით “ტესლა მოტორსისა” და “სფეის იქსის” დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება 900 მილიონით შემცირდა.

ფორბსის 2017 წლის რეიტინგის მიხედვით, ილონ მასკის კაპიტალი 20,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2018 წელს კი 19,9 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ილონ მასკი ფორბსის მილიარდერთა სიაში პირველად 2013 წელს მოხვდა. მაშინ მისი კაპიტალი 6,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და 2016 წლამდე, ფორბსის რეიტინგის მიხედვით, მატების ტენდენციას ინარჩუნებდა. ფორბსის 2015 წლის რეიტინგის მიხედვით, ილონ მასკის ქონებამ 13,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ილონ მასკის კაპიტალმა პიკს 2017 წლის ოქtომბერში მიაღწია და 20,8 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ტესლას დამფუძნებელი 1971 წელს სამხრეთ-აფრიკაში დაიბადა. ილონ მასკმა კომპიუტერული პროგრამებისადმი ინტერესი 12 წლის ასაკში გამოავლინა, როცა კომპიუტერული ვიდეოთამაში შექმნა. თამაში ერთ-ერთ ტექნოლოგიებზე მომუშავე გამოცემას მიჰყიდა. კანადელი დედის მეშვეობით მოახერხა კანადის პასპორტის აღება და სწავლა ჯერ ონტარიოში დაიწყო,  90-იანი წლების დასაწყისში კი ამერიკაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში განაგრძო. 1995 წელს ილონ მასკმა ბაკალავრის ხარისხი აიღო ფიზიკასა და ეკონომიკაში. ამის შემდეგ ტესლას დამფუძნებელი სტანფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა. მასკი ხვდებოდა, რომ ინტერნეტს დიდი რესურსი ჰქონდა, რომელსაც საზოგადოებაში ცვლილებების შესატანად ფიზიკაზე მეტი პოტენციალი გააჩნდა.

მოგვიანებით მასკი ქმნის  Zip2-ს, რომელიც ინტერნეტ-რუკებს აკეთებდა ინტერნეტ-გაზეთებისთვის. ოთხი წლის შემდეგ Zip2 დაახლოებით 300 მილიონ დოლარად გაყიდა. ილონ მასკი ინტერნეტ-გადახდის სისტემის, PayPal-ის თანადამფუძნებელია. 2002 წელს მასკმა PayPal 1.5 მილიარდ დოლარად eBay -ს მიჰყიდა.

2002 წელს ილონ მასკმა SpaceX დააფუძნა. კომპანიამ 2006 წელს პირველი რაკეტა Falcon 1 გამოუშვა.  მასკი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული ელექტრონული მანქანებით. 2003 წელს ტესლა მოტორსის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. მალე კომპანიამ შექმნა პირველი ელექტრონული მანქანა Roadster, რომელიც ერთი დატენვით 394 კმ-ს გადიოდა. გასულ წელს ტესლამ 35 ათას დოლარად ღირებული Model 3-ის ელექტრომანქანების წარმოება დაიწყო. ტესლა მოტორსმა საერთაშორისო ყურადღება 2008 წელს მიიპყრო, როცა მასობრივ პროდუქციაში გაუშვა პირველი ელექტრო-სპორტული ავტომობილი. ელექტროავტომობილის გაყიდვებმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია 2015-2016 წლებში.

Forbes რეიტინგს 32-ედ აქვეყნებს. პლანეტის 20 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება, რომელიც დაახლოებით 1.2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მექსიკის მთლიანი ეკონომიკის მოცულობას უდრის. 2018 წლის Forbes-ის რეიტინგში ელექტროვაჭრობის გიგანტის, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის 12 თვეში Amazon-ის შემოსავალი 59%-ით გაიზარდა. შედეგად მისი მფლობელის  ქონება 39.2 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი