ბიძინა ივანიშვილის ქონება $100 მილიონით გაიზარდა – Forbes

Forbes-მა 2018 წლის მილიარდერების სია გამოაქვეყნა. წინა წელთან შედარებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით გაიზარდა. 2017 წელს ივანიშვილის ქონება 4.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ახალ რეიტინგში ყოფილი პრემიერის ქონება 4.6 მილიარდი აშშ დოლარად არის შეფასებული.

Forbes-ის ინფორმაციით, ყველაზე მდიდარი ქართველი რუსეთში მეტალისა და საბანკო ბიზნესით გამდიდრდა. 4.6 მილიარდი აშშ დოლარით ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის რეიტინგში 456-ე ადგილს იკავებს.

Forbes რეიტინგს 32-ედ აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, პლანეტის 20 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება, რომელიც დაახლოებით 1.2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მექსიკის მთლიანი ეკონომიკის მოცულობას უდრის.

2018 წლის Forbes-ის რეიტინგში Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის 12 თვეში Amazon-ის აქციების ფასი 59%-ით გაიზარდა. შედეგად მისი მფლობელის  ქონებამ 39.2 მილიარდი აშშ დოლარით მოიმატა. ამჟამად ბეზოსი 112 მილიარდ დოლარს ფლობს. მეორე ადგილზე ბილ გეითსია 90 მილიარდი დოლარით.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას, მილიარდერების სიის გამოქვეყნებისას Forbes ბაზარზე კომპანიების აქციის ფასების ცვლილებას, გაცვლით კურსს ითვალისწინებს.  გამოცემა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ქონებას ითვლის და არ ითვალისწინებს მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებულ კაპიტალს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.