ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის წინააღმდეგ ცხინვალში მოწოდებით გამოვიდნენ

6 მარტი, 2018 • 12130
ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის წინააღმდეგ ცხინვალში მოწოდებით გამოვიდნენ

დღეს, 2018 წლის 6 მარტს, ცხინვალში აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილები ცხინვალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემის წინააღმდეგ მოთხოვნითაც გამოვიდნენ. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება 23 თებერვლიდან ამ დრომდე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას.

დე ფაქტო რესპუბლიკის სააგენტო რეს-ის ცნობით, დღევანდელი აქცია ცხინვალში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა, თუმცა, აქციაზე ისმოდა მოწოდებები იმის შესახებ, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს არ უნდა გადასცენ. მსგავსი მოწოდებებით უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოს ჯარისკაცთა ოჯახის წევრები და ახლობლები გამოვიდნენ.

რამდენმა ადამიანმა მიიღო აქციაში მონაწილეობა, უცნობია. თუმცა, რუსული სააგენტო სპუტნიკის ცნობით, მას 400-მდე მოქალაქე დაესწრო. მათ შორის, როგორც ფოტომასალაში ჩანს, არიან დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები.

ოსური მედიის ცნობით, აქციაზე საომარ მოქმდებებებში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე სტუდენტები და უფროსი კლასის მოსწავლეები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ 1989 და 2008 წლებში საომარ მოქმედებებში დაღუპულ ოს მეომართა ფოტოები  და ტრანსპარატები.  მედიის ინფორმაციითვე, ისინი საომარ მოქმედებებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცხედრებზე აკეთებდნენ განცახდებებს. ასევე, მოუწოდებდენ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირს, არ გაიმეორონ ქართული მხარის რიტორიკა.

გამომსვლელები ამბობდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპული ქვეყნები გულგრილად რეაგირებდნენ ოსი ხალხის ტრაგადიაზე და მხოლოდ სიტყვიერად დეკლარირებენ დემოკრატიულ ნორმებს.

“დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ საერთაშორისო დონეზე აწიეს ერთი მათი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი. ისმის ხისტი მოთხოვნები მისი ცხედრის გადაცემაზე, და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი, საქართველოში მოკლული ბიჭების ნაწილებზე? დღეს აქ შეიკრიბნენ ოსეთის მოკლულ გმირთა, უგზო- უკვლოდ დაკარგულთა ქვრივები და დედები, ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირს და გაეროს შეფასება მისცენ სამხედრო აგრესიას და საქართველოს მხრიდან ტერორს მხარი არ დაუჭირონ”, – აცხადებს აქციის მონაწილე რეს-თან საუბარში.

“ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მოკლულის ოჯახსა და ახლობლებს და გვესმის მათი ტკივილი, თუმცა თუ ერთი ადამიანის სიკვდილი გახდა ტრაგედია საერთაშორისო საზოგადოების თვალში, მაშინ სამხრეთ ოსეთის მთლიანი ერის წინააღმდეგ გენოციდი, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია გრძელდება, არ იწვევდა რამე რეაქციას, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მხრიდან განხილვებზე. სამხრეთ ოსეთის საზოგადოება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას შეფასება მისცეს ამ მოვლენებს”, – ნათქვამია მიმართვაში, რომელზეც გამოცემა წერს.

დღევანდელ აქციაზე ცხინვალში, ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებით ილია მეორის თხოვნაზეც ისაუბრეს.

“იმ ვაკხანალიასთან დაკავშირებით, რომელიც მათ საზღვრის იქითა მხარეს აწიეს, ჩვენ გვიჩნდება მრავალი კითხვა და პირველ რიგში საქართველოს პატრიარქის ილია მეორესთან დაკავშირებით, რომელმაც რუსეთის პატრიარქს მიმართა თხოვნით საქართველოს მოქალაქის ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე შუამავლობა სთხოვა”, – ამბობს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ამირან დიაკონოვი.

მისი თქმით, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული ნაციონალურ-ფაშისტური მიმდევრის როლში გამოდის.

“ამას არ მოვითმენთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევზღუდოთ ზემოქმედების ფორმები მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან იმ პროცესებზე, რომელიც რესპუბლიკაში და ჩვენს გარშემო ხდება”.

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის ამ დრომდე არ გადმოუცია რუსეთს და სამხრეთ ისეთის დე ფაქტო მთავრობას ოჯახისთვის.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო.ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს, თუმცა მათ ეკრძალებათ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიის დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი