რუსეთის პატრიარქმა ცხინვალის რეჟიმი “ადგილობრივ ხელისუფლებად” მოიხსენია

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ილია მეორისთვის მიწერილ წერილში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს “ადგილობრივ ხელისუფლებად” მოიხსენიებს. მოსკოვიდან მიღებული წერილის ასლი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხს ეხება, საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეეყნა

 

გარდა ამისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა წერილში არც ილია მეორე მოიხსენია სრული სტატუსით, რაც პირველი შემთხვევა არ არის.

ილია მეორის ტიტული ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

“უწმნინდეს და უნეტარეს ილია ΙΙ–ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს” – ასე იწყება პატრიარქ კირილის წერილი.

საქართველოს საპატრიარქო 2018 წლის 5 მარტით დათარიღებულ რუსეთის პატრიარქ კირილის წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ცხინვალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.

რუსეთის პატრიარქ კირილის საპასუხო წერილში წერია: “პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით”.

იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ აღნიშნულ წერილში ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის ზუსტი თარიღი არ არის მითითებული, საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საპასუხო წერილის ბოლოს წერია: “დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ, სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს”.


  • საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის ამ დრომდე არ გადმოუცია რუსეთს და სამხრეთ ისეთის დე ფაქტო მთავრობას ოჯახისთვის.
  • საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.
  • ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო.ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.
  • ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს, თუმცა მათ ეკრძალებათ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიის დატოვება.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com