ახალი ამბები

ევროპული საქართველო პრაიმერიზისა და ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის იდეას მხარს არ უჭერს

6 მარტი, 2018 • 1571
ევროპული საქართველო პრაიმერიზისა და ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის იდეას მხარს არ უჭერს

ევროპული საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების წინ საერთო ოპოზიციური კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერიზის ჩატარების იდეას მხარს არ უჭერს.

როგორც ნეტგაზეთს პარტიის სპიკერმა ირაკლი კიკნაველიძემ განუცხადა, იმ პირობებში, როდესაც არჩევნებში 50%-იანი ბარიერი არსებობს, პირველი ტური არის ბუნებრივი პრაიმერიზი.

მისი თქმით, პირველ ტურში სხვადასხვა ოპოზიციურმა კანდიდატმა ოპოზიციურად განწყობილი ფართო სპექტრის ამომრჩევლის მობილიზება უნდა სცადოს, ხოლო მეორე ტური ბუნებრივად გამოაჩენს პროდასავლური ოპოზიციის ერთიან კანდიდატს.

საერთო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერიზის ჩატარებას “არგაყიდულ” პროდასავლური ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილი სთავაზობს.

ირაკლი კიკნაველიძის განმარტებით, მათი ხედვით სააკაშვილი სანდო პოლიტიკოსების ჩამონათვალს აღარ განეკუთვნება, მეტიც, ევროპულ საქართველოში ფიქრობენ, რომ სააკაშვილი თავისი განცხადებებით თვითონვე უშლის ხელს ოპოზიციურ სპექტრს შორის თანამშრომლობას.

კიკნაველიძის თქმით, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა ძალებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თანამშრომლობა შეძლონ, “მნიშვნელოვანია, რომ ხიდები არ დაწვან”.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ძალები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ იმ ტაქტიკით გავიდნენ, რასაც ევროპული საქართველო უჭერს დღეს მხარს: პირველ ტურში ყველა დამოუკიდებლად, თანამშრომლობა კი- მეორე ტურში. თუმცა თბილისში არჩევნები ისე დასრულდა, რომ მეორე ტური საჭირო საერთოდ არ გახდა. კახა კალაძემ 50%-იანი ბარიერი გადალახა და პირველივე ტურში მოახერხა გამარჯვება. კიკნაველიძეს ვკითხეთ, ხომ არ ეშინიათ ამ გამოცდილების?

კიკნაველიძე ამბობს, რომ კალაძემ პირველივე ტურში გამარჯვება სახელისუფლო, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით მოახერხა. მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანობა პირველსავე ტურში არ იქნებოდა იმის გარანტი, რომ კალაძეს აუცილებლად დაამარცხებდნენ.

“ხომ არ გავერთიანდeბით ყველა პოლიტიკური პარტია? ჩვენ ჩვენი პლატფორმა გვაქვს. ეს არის პლურალიზმის პარტიების განვითარებისა  და არჩევნებისთვის აზრის მიცემის გზა”, – ამბობს კიკნაველიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი