კვლევის მიხედვით, ელექტროსიგარეტები კიბოს გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს

ელექტროსიგარეტების მოწევით ორგანიზმში კიბოს გამომწვევი ისეთივე ნივთიერებები ხვდება, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევისას. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი NBC კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

თინეიჯერების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვინც თამბაქოს სიგარეტს მოიხმარს, მათ ორგანიზმში მავნე ქიმიური ნივთიერებების დონე ძალიან მაღალია. რაც შეეხება ელექტროსიგარეტის მომხმარებლებს, კიბოს გამომწვევი ქიმიური ნივთიერებების რაოდენობის დონე არამწეველებთან შედარებით მაღალია. განსაკუთრებით საზიანოა სხვადასხვა ხილის არომატის მქონე სიგარეტი.

“მავნე ნივთიერებების არსებობა ელექტროსიგარეტში დადასტურდა. ისინი ელექტროსიგარეტების მომხმარებელი ახალგაზრდების ორგანიზმში აღმოჩნდა,” – ნათქვამია კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

როგორც NBC წერს, ელექტროსიგარეტის მწარმოებლები ორი გზით ცდილობენ პროდუქტის რეკლამირებას. პირველი არის თამბაქოს გამოყენების შედარებით უსაფრთხო გზა და მეორე – სიგარეტისთვის თავის სწრაფად დანებება. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ელექტროსიგარეტს ეწევიან, აგრძელებენ თამბაქოს სხვა პროდუქტების გამოყენებას, თუმცა მათ არ აქვთ ინფორმაცია, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ელექტროსიგარეტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.