ახალი ამბებისაზოგადოება

გერმანია შენგენის ზონაში არ შეუშვებს მათ, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს

6 მარტი, 2018 • 5384
გერმანია შენგენის ზონაში არ შეუშვებს მათ, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს

გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების გამოყენებით რამდენიმე წლით აუკრძალავს შენგენის ზონაში შესვლას იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება იწვევს გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას.

საელჩოს განცხადებაში აღნიშულია, რომ რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს უვიზო რეჟიმს იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს.

“აუცილებელია, არსებულ ტენდენციაში მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები, რათა გამყარდეს 2017 წლის მარტში ძალაში შესული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის”, – წერია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ლიბერალური სავიზო რეჟიმის დაწესებამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა: მხოლოდ იანვარში საქართველოს შვიდასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში.

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩი ანეტ გიუნთერი 2018 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათთან მიგრაციის სფეროში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი