ახალი ამბები

ილიას ილიადისმა მსოფლიოს 7 საუკეთესო ძიუდოისტში 4 ქართველი დაასახელა

6 მარტი, 2018 • 6121
ილიას ილიადისმა მსოფლიოს 7 საუკეთესო ძიუდოისტში 4 ქართველი დაასახელა

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი ილიას ილიადისი თვლის, რომ დღეისათვის მოქმედი მსოფლიოს 7 საუკეთესო ძიუდოისტიდან 4 ქართველია. ამის შესახებ ილიადისმა fighter interviews-თან საუბარში განაცხადა, როდესაც ინტერვიუერმა ჰკითხა, ვის მიიჩნევდა დღეისათვის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად:

“ვერ ვიტყვი, რომ ერთი რომელიმე ძიუდოისტია საუკეთესო, ასეთები ბევრნი არიან. მძიმე წონაში ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს დავასახელებდი, -100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანს, -90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილს, -81 კგ-ში რამის თქმა გამიჭირდება, -73 კგ-ში შოჰეი ონოს, -66 კგ-ში გიორგი ზანთარაიას (გამოდის უკრაინის სახელით), -60 კგ-ში ნაოჰისა ტაკატოს.

ილიას ილიადისი საქართველოში დაბადებული და გაზრდილია. მისი სახელი და გვარი საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებამდე ჯარჯი ზვიადაური იყო. ის ასევე ცნობილი ქართველი ძიუდოისტის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ნათესავია. ინტერვიუში ილიადისმა საქართველო და მისი საბერძნეთში გამგზავრების ისტორიც გაიხსენა.

“1986 წელს საქართველოში დავიბადე. ქვეყანამ საბჭოთა კავშირი 1991 წელს დატოვა. საქართველოსთვის რთული პერიოდი იყო. ეკონომიკა ცუდ დღეში იყო და სპორტსმენებსაც ძალიან უჭირდათ. ჩვენ სიცივეში ვვარჯიშობდით, რადგან დარბაზში გათბობა არ იყო. წყალიც მხოლოდ ცივი მოდიოდა”, – იხსენებს ილიადისი.

ილიადისის თქმით, მამამისს მისი კრივის წრეზე შეყვანა სურდა, თუმცა ეს სპორტი არ მოეწონა, ძიუდოს დარბაზმა კი ტატამზე ფეხის დადგმისთანავე მოხიბლა.

“მე დავინახე 200-მდე ბავშვი, რომლებიც ერთ მწკრივში იდგნენ, მათ წინ კი ორი მწვრთნელი… აბსოლუტური სიჩუმე იყო, არანაირი ლაპარაკი და მოძრაობა, ზუსტად ისე, როგორც არმიაშია. დისციპლინა ჩემთვის უმთავრესია. მაშინ ათი წლის ვიყავი და ვარჯიში პირველივე დღიდან ძალიან სერიოზულად დავიწყე. ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი უმთავრესი მიზანი იმ დროიდან იყო. ყველას, ვინც ჩემს გვერდით ვარჯიშობდა, იგივე ოცნება ჰქონდა”, – ამბობს ილიადისი.

2000 წელს საბერძნეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ნიკოს ილიადისი, ვინც მისი ოჯახის მეგობარი იყო. ილიადისი საბერძნეთში სწორედ მასთან შეთანხმების შედეგად წავიდა. 2002 წელს ქართველმა ბიჭმა ჯარჯიმ ახალი პასპორტი და სახელი მიიღო – ის ილიას ილიადისი გახდა.

კითხვაზე, თავს ქართველად გრძნობს თუ ბერძენად, ილიადისი პასუხობს:

“მე საქართველოში დავიბადე და არასდროს უნდა დაივიწყო, საიდან მოდიხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მე საბერძნეთში ჩავედი, თინეიჯერი ვიყავი და ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ჩემს ცოლს სწორედ აქ შევხვდი. ჩემი ქალიშვილი და ვაჟი საბერძნეთში დაიბადნენ. ჩემი ოლიმპიური ოქროს მედალი საბერძნეთში მოვიგე. როგორ ფიქრობთ, რას ვგრძნობ? მე ილიას ილიადისი ვარ. ბერძენ ხალხს არ ანაღვლებს, სად დავიბადე ან მანამდე ვინ ვიყავი. ჩემში ქართული სისხლი ჩქეფს, მაგრამ გონება ბერძნულია”, – აცხადებს ილიადისი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი