მარიო ვარგას ლიოსა: ნაციონალიზმი შეუთავსებელია თავისუფლებასთან

ნობელის პრემიის ლაურეატი, პერუელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა ლიბერალიზმის და ნაციონალიზმის შესახებ საუბრობს. მწერალი ასევე იმ მიზეზებსაც ჰფენს ნათელს, რის გამოც, მისი თქმით, ლიბერალად ჩამოყალიბდა.

elpais-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მწერალი ამბობს, რომ ლიბერალიზმი არა მხოლოდ მიესალმება, არამედ ბიძგს აძლევს განსხვავებულობას.

“ის აღიარებს, რომ საზოგადოება სხვადასხვა ტიპის ადამიანებისგან შედგება და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ამავე ფორმით შენარჩუნდეს. ეს არ არის იდეოლოგია, რადგან იდეოლოგია სეკულარული რელიგიაა. ლიბერალიზმი იცავს ზოგ ფუნდამენტურ იდეას, როგორიცაა თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, კოლექტიურობის უარყოფა და ნაციონალიზმი”,- ამბობს ლიოსა.

ნობელის ლაურეატი ამბობს, რომ ნაციონალიზმი შეუთავსებელია თავისუფლებასთან და ზედაპირს თუ გავცდებით, აღმოვაჩენთ იმასაც, რომ ნაციონალიზმი გარკვეულწილად რასიზმსაც გულისხმობს.

“თუ შენ გჯერა, რომ კონკრეტული ქვეყანის, ერის თუ რელიგიის მიკუთვნებულობა პრივილეგია და თავისთავადი ღირებულებაა, შენ ასევე გჯერა, რომ სხვაზე უპირატესი ხარ. რასიზმი იწვევს ძალადობას და თავისუფლების ჩახშობას. ამიტომაც ადამ სმიტის დროიდან მოყოლებული ლიბერალიზმი ნაციონალიზმად განიხილავს კოლექტივიზმის ამ სახეს, სადაც აზრის უკუგდება რწმენის სასარგებლოდ ხდება”,- ამბობს ის.

მან იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის შედეგადაც მარქსისტობიდან ლიბერალად ჩამოყალიბდა. მწერალმა მისი ახალგაზრდობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ლათინურ ამერიკაში მისი თაობა შეერთებული შტატების სამხედრო დიქტატურის და უთანასწორობის იდეით იყო შთაგონებული.

“მინდოდა კომუნისტი ვყოფილიყავი. ვფიქრობდი, რომ კომუნიზმი სამხედრო დიქტატურის, კორუფციის და უთანასწორობის ანტითეზისს წარმოადგენდა. ლათინურ ამერიკაში კი კომუნიზმი რეალურად სტალინიზმი იყო. მე სოციალისტად მიმაჩნდა თავი, ნაკლებად დოგმატურ სოციალისტად.

ახალგაზრდების წინააღმდეგ რეიდები ეწყობოდა. ეს ტრავმული იყო. მე ფიდელ კასტროს წერილი მივწერე, სადაც ვეუბნებოდი, რომ დაბნეული ვიყავი. ვეკითხებოდი, როგორ შეიძლება კუბა, რომელიც ღია და ტოლერანტული მოდელის სოციალიზმს ეფუძნება, ჰომოსექსუალებს კრიმინალების გვერდით ათავსებდეს საკონცენტრაციო ბანაკებში. ფიდელმა მე და სხვა ინტელექტუალები სასაუბროდ მიგვიწვია. მასთან მთელი ღამე, 12 საათი გავატარეთ, ძირითადად ვუსმენდით მის საუბარს. ეს შთამბეჭდავი, მაგრამ არასარწმუნო იყო. ამის შემდეგ უფრო დაეჭვებული გავხდი. მე გრძელი და რთული პროცესი გავიარე და ლიბერალურ დოქტრინას ეტაპობრივად მივუახლოვდი. ძალიან გამიმართლა, რომ მარგარეტ ტეტჩერის მმართველობისას ბრიტანეთში ვცხოვრობდი”,- ამბობს მწერალი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com