ახალი ამბებისამართალი

ანა დოლიძე მოსამართლეების გასაუბრებიდან აცილებას სასამართლოში ასაჩივრებს

5 მარტი, 2018 • 2065
ანა დოლიძე მოსამართლეების გასაუბრებიდან აცილებას სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იუსტიციის საბჭოს წევრის, ანა დოლიძის სახელით, სასამართლოში ასაჩივრებენ საბჭოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლითაც, იგი 2018 წლის თებერვალში 14 მოსამართლის გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცესს ააცილეს.

აცილებების საფუძვლად ანა დოლიძის მიერ გასაუბრებების დაწყებამდე გაკეთებული განცხადება დასახელდა.

“რჩება მცდელობა, რომ სასამართლო გააკონტროლოს ადეიშვილის მიერ გამოზრდილმა კადრებმა… თუ ჩვენ ადრე ვეკამათებოდთ გენერლურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც სასამართლოში ყველაფერს აკონტროლებდა, დღეს მის ხელის ბიჭებთან გვიწევს დაპირისპირება,”- განაცხადა 6 თებერვალს ანა დოლიძემ.

საიას ცნობით, წარდგენილი სარჩელით ანა დოლიძე მოითხოვს, ბათილად ცნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც მას კონსტიტუციის მინიჭებული უფლებით სარგებლობა შეეზღუდა.

“ინტერესთა კონფლიქტის ფართო განმარტება, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძის აცილების დასაბუთებისას გამოიყენა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.  ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი განმარტება წარმოადგენს სახიფათო ტენდენციას, რომელის გამოყენებითაც შესაძლებელი ხდება კრიტიკულად განწყობილი წევრი მნიშვნელოვანი პროცესებიდან იყოს ჩამოშორებული. ამ მექანიზმის გამოყენებით, ანა დოლიძე 50-დან 14 მოსამართლესთან გასაუბრების, და შესაბამისად, მათი უვადოდ დანიშვნის შესახებ გამართული კენჭისყრის პროცესებიდან იქნა ჩამოშორებული.

საია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უსაფუძვლო აცილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებით დაირღვა ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლება, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები განეხორციელებინა თავისუფლად და შეუფერხებლად,”- აცხადებს საია.

მასალების გადაბეჭდვის წესი