ახალი ამბები

იტალიის არჩევნებში ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონე პარტიები ლიდერობენ

5 მარტი, 2018 • 4494
იტალიის არჩევნებში ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონე პარტიები ლიდერობენ

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 4 მარტს გაიმართა, წინასწარი მონაცემებით, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები ლიდერობენ, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიგრანტთებისთვის შეზღუდვების დაწესებაა.

ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა წინასწარი მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების კოალიცია, რომლის ერთმა წევრმა “ლიგამ” (ლიდერი მატეო სალვინი) მიიღო 18.2%, ხოლო მეორე წევრმა, სილვიო ბერლუსკონის “წინ, იტალიამ” მიიღო 13.8%. ამ კოალიციაზე ოდნავ ნაკლები მიიღო მემარჯვენე პოპულისტების “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ”. ამ პარტიამ ხმების 31.6% მიიღო. ეს არის საუკეთესო შედეგი, რომელიც ერთმა პარტიამ დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე აჩვენა.

მესამე ადგილზე მმართველი “დემოკრატიული პარტია” გავიდა (19.1%), რომლის ლიდერიც ყოფილი პრემიერი მატეო რენცია.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას. მოსალოდნელია, რომ კოალიციურ მთავრობას პირველ ადგილზე გასული ბერლუსკონი-სალვინის გაერთიანება და “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა” ჩამოაყალიბებენ. მემარცხენე “დემოკრატიული პარტია” მემარჯვენე პოლიტიკოსებთან ყოველგვარ კოალიციას გამორიცხავს.

2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი წამყვანი თემა ანტისაიმიგრაციო რიტორიკა იყო. ამის მიზეზი კი, ძირითადად, ჩრდილოეთ აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ასეულათასობით მიგრანტის მოზღვავება იყო. არჩევნებში მონაწილე ძირითადი პარტიები, მათ შორის, მამარცხენე “დემოკრატიული პარტია”, ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას უჭერენ მხარს.

ყველაზე რადიკალური ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა პირველ ადგილზე მყოფ ბერლუსკონი-სალვინის კოალიციას აქვს. მათი მიზანი არალეგალების დეპორტაცია და საზღვრების კონტროლია. მეორე ადგილზე გასული “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა” მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს დუბლინის შეთანხმება. ეს არის კანონი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, განიხილონ თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებები. ასევე, იმ ქვეყანამ, სადაც პირველად მოხვდება თავშესაფრის მაძიებელი, პასუხისმგებელია მის დაცვაზე. იმის გამო, რომ აფრიკელი მიგრანტები, ხმელთაშუა ზღვის გავლით, პირველად ძირითადად იტალიაში ჩადიან, უკმაყოფილება სულ უფრო მზარდია.

ანტისაიმიგრაციო პოლიტიკისა და დუბლინის შეთანხმებაზე უარის თქმის მომხრეა მესამე ადგილზე გასული “დემოკრატიული პარტიაც”.

პირველ და მეორე ადგილებზე გასული პოლიტიკური ძალები ასევე ეწინააღმდეგებიან ერთიანი ევროპის პოლიტიკას, მათი საგარეო პოლიტიკა კი პრორუსულია.

ცრუ ინფორმაცია, ტყუილები, პოპულიზმი და ძალადობრივი ფაქტები – სწორედ ასეთი იყო იტალიური საარჩევნო კამპანია. იტალიელები საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის 630 და სენატის 315 წევრს ირჩევენ. ქვედა პალატის წევრების ასარჩევად ხმის მიცემა შეუძლიათ მოქალაქეებს 18 წლიდან, სენატის წევრთა ასარჩევად კი აუცილებელია, ამომრჩეველი 25 წელს იყოს მიღწეული.

პოლიტიკური გამოცემა Politico წერს, რომ ეს არის იტალიის “გაბრაზებული არჩევნები”, რადგან ამომრჩეველი გაბრაზებულია და ეს გაბრაზება, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ადამიანებს, რომლებიც უკვე წლებია იტალიას მართავენ, თუმცა მართვის შედეგებს იტალიელები ვერ გრძნობენ. მათზე არც 1.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა არ ასახულა. იტალიის მოსახლეობის 54 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას უფრო მეტს აძლევენ, ვიდრე იღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი