საქართველოს საპატრიარქო: პატრიარქი კირილე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხში ჩაერთო

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ილია II-ის მიმართვის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხში ჩაერთო

“დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.

მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს,”- ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.


საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა, იგი “კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა.”

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე  არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას 26 თებერვალს ელოდა, როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

სუს-ის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით ლეგიტიმურია შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებდეს ცხედრის გადმოცემას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი