პრემიერის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილის ცხედარს უახლოეს დროში გადმოსცემენ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკანასკნელ საათებში მიღებული ინფორმაციით, საფუძველი აქვთ თქვან, რომ ძალისხმევას შედეგი მოჰყვება და უახლოეს დროში მიწას მიაბარებენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს.

ამავე განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ცხდრის ოჯახში გადმოსასვენებლად ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს და მათ შორის “ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის როლი”.

“ახლა არის დრო, როცა უნდა გავმაგრდეთ, მამაცი ვაჟკაცი სათანადოდ გამოვიგლოვოთ და მიწას მივაბაროთ. ამის შემდეგ ისევ მოვიკრიბოთ ძალა და შეუქცევადად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აგურ-აგურ მშენებლობის პროცესი და, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღეს ამის თქმა, ოსებისა და აფხაზების შემორიგების პროცესი – კიდევ უფრო მეტი შემართებით და გულმოდგინებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების იქითა მხარესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის თუნდაც ერთობლივი ცხოვრების ის ისტორია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.

ასევე, მწამს, რომ ყველა მხარეს არსებობს რაციონალური ძალა, რომელსაც სჯერა მშვიდობისა და თანამშრომლობის.

ჩვენ წინ გვაქვს გასავლელი ურთულესი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ; მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ კიდევ ერთხელ, ჩვენს, თუნდაც სამართლიან ემოციებს და აგრესიას მივცემთ საშუალებას, საბოლოოდ ან დიდი ხნით გადავავადოთ ერის გამთლიანების პროცესი….

უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს,”- განაცხადა კვირიკაშვილმა თავის განცხადებაში.


საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა, იგი “კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა.”

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას 26 თებერვალს ელოდა, როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

სუს-ის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით ლეგიტიმურია შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებდეს ცხედრის გადმოცემას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი