ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შსს არ ადასტურებს, რომ ცხინვალის მიმართულებით ტვირთის გატარება შეაჩერა

2 მარტი, 2018 • 2170
შსს არ ადასტურებს, რომ ცხინვალის მიმართულებით ტვირთის გატარება შეაჩერა

ახალგორში ადგილობრივ მოვაჭრეთა ინფორმაციას, რომ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ ქართულმა მხარემ ახალგორი-ცხინვალის მიმართულებით ტვირთის გატარება შეაჩერა, საქართველოს შსს არ ადასტურებს.

ახალგორში მცხოვრებ მოვაჭრეთა განმარტებით, კვირას, 24 თებერვალს, ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ახალგორის გამშვებმა პუნქტმა თბილისი-ახალგორის მიმართულებით მიმავალი გასაყიდი ტვირთის [ხილი და პროდუქტი, რითაც ვაჭრობდნენ ადგილობრივები ახალგორსა და ცხინვალში] გატარება, წინასწარი ინფორმაციით, ორი თვით შეზღუდა.

ადგილობრივების განმარტებითვე, ახალგორისა და ცხინვალის სავაჭრო ობიექტებში იმ პროდუქციის ნაკლებობა იგრძნობა, რომლითაც ეს მაღაზიები და ბაზრები თბილისიდან მარაგდებოდა.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ მიიღო 2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით განგვიცხადეს, რომ მათი უწყების მხრიდან რაიმე აკრძალვები ამ მიმართულებით არ დაწესებულა. თუმცა ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მისი ინფორმაციითაც, ვაჭრობა ტატუნაშვილის სიკვდილის ფაქტის შემდეგ შეწყდა.

ხილისა და პროდუქტის შეტანა არაოფიციალურად თბილისიდან დე ფაქტო რესპუბლიკის მიმართულებით 2012 წლის შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა. სწორედ ამის შემდეგ ბევრმა ადგილობრივმა, განსაკუთრებით ახალგორის რაიონიდან, ბიზნესი წამოიწყო და თბილისიდან ახალგორსა და ცხინვალში სავაჭროდ პროდუქცია გადაჰქონდა.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილიც აღნიშნულ ბიზნესში იყო ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი