ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ თემურ გორგაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

2 მარტი, 2018 • 1676
სასამართლომ თემურ გორგაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის მცდელობისათვის ბრალდებულ  საკრებულოს წევრ თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მის სააქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება.

“ქართული ოცნების” წევრი სუს-მა დააკავა და ბრალად ქრთამის აღება ედება.

თემურ გორგაძე  2014-2016 წლებში იყო „ქართული ოცნების” საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს ხელმძღვანელი; 2017 წელს – „ქართული ოცნების” პარლამენტის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ბიუროს ხელმძღვანელი;   2017 წლიდან დღემდე -თბილისის საკრებულოს წევრი.

“საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის თებერვალში, თემურ გ. შეხვდა მოქალაქეებს ე. ხ-სა და ტ. ა-ს, რომელთაც სურდათ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა. ბრალდებულმა ე. ხ. მოატყუა და დაჰპირდა, რომ მისთვის 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია ვ.ჯ-ს შეიწყალებდა. მომდევნო შეხვედრისას, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის პირველ ნაწილს 3 500 აშშ დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს.

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით. ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, თემურ გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეერჩა,”- აცხადებს სასამართლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი