მოსაცდელის გარდა სხვაგან გაჩერებისთვის მიკროავტობუსების მძღოლები დაჯარიმდებიან

მიკროავტობუსების მძღოლებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელის გარდა სხვა ნებისმიერ ადგილას გაჩერდებიან, მერიამ საჯარიმო სანქციები დააწესა. როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს, პირველ ჯერზე მძღოლი 100 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდება.

საუბარია იმ 14 ქუჩაზე, რომლებზეც, მერიის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ გაჩერებებზე შეეძლებათ.

“მიკროავტობუსების ჯგუფებთან ერთად ჩვენი ტრანსპორტის კომპანიის მონიტორინგის ჯგუფები აკვირდებიან, როგორ მიმდინარეობს აღსრულება და აღრიცხავენ დამრღვევ მძღოლებს. ვინც აღნიშნულ წესს პირველ დღეებში დაარღვევს, უბრალოდ, გავაფრთხილებთ,” – აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილსის მერის მოადგილე, მაია ბითაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე მოითხოვონ. მისი თქმით, ცვლილების მიზანია მგზავრთა უსაფრთხოება და დამატებითი საცობების თავიდან აცილება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან