ახალი ამბები

“ახლა ისინი მოგვისმენენ” – პუტინმა ახალი ბირთვული იარაღი წარადგინა

2 მარტი, 2018 • 3720
“ახლა ისინი მოგვისმენენ” – პუტინმა ახალი ბირთვული იარაღი წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველ მარტს გამართულ ფედერალურ ასამბლეაზე ახალი ბირთვული იარაღი წარადგინა. ამის შესახებ ვიდეოს Meduza ავრცელებს.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტი განმარტავს, რუსეთი შეუდგა ახალი თაობის სარაკეტო სისტემის შექმნას, რომელსაც “სარმატი” ჰქვია.

“აღნიშნული შეცვლი, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში შექმნილ სისტემას, რომელსაც “ვოევოდა” ჰქვია, “ – განმარტავს პუტინი.

მისივე თქმით, “სარმატის” შემადგენლობაში ორი ახალი ატომური რაკეტაც შევა, მათ შორის, ერთი წყალქვეშა, ერთი კი – საჰაერო.

რუსეთმა ახალი იარაღი წარადგინა, 1 მარტი 2018 წელი, ფოტო: EPA-EFE/KREMLIN

“მას [საჰაერო რაკეტას] შესაძლებლობა ექნება, სამიზნეზე იერიში მიიტანოს როგორც ჩრდილო, ასევე სამხრეთ პოლუსების გავლით. როგორც ხვდებით, მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას ჯერ არ აქვს. ოდესმე შეიძლება ჰქონდეთ კიდეც, თუმცა ამ დროისთვის ჩვენ რაიმე ახალს მოვიფიქრებთ” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, რაკეტა ქვემოთ იფრენს და მისი შემჩნევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მას ცვალებადი ტრაექტორია და ფრენის განუსაზღვრელი მანძილი აქვს.

“ეს უბრალოდ ფანტასტიკაა” – დასძინა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი ფედერალურ ასამბლეაზე , 1 მარტი 2018 წელი. ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV


ამ ორ რაკეტას ჯერჯერობით არ აქვს სახელი. როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა როგორც ამერიკა, ასევე “ნატო”, იმის შესახებ, რომ რუსეთი მიიღებს ყველა ზომას, რათა საფრთხის ნეიტრალიზაცია დროულად მოახდინოს. ამ საფრთხეს კი, მისივე თქმით, “გლობალური პროამერიკული” ფონი იწვევს.

“მიუხედავად პრობლემებისა, რომელიც ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, იქნება ეს ეკონომიკური თუ ფინანსური, რუსეთი მაინც რჩება ყველაზე მსხვილ ატომურ სახელმწიფოდ. მაგრამ არა, ჩვენთან საფუძვლიანი საუბარი არავის უნდოდა. ახლა ისინი მოგვისმენენ,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა იარაღის წარდგენისას ანიმაცია გამოიყენა. როგორც BBC წერს, ანიმაციისას ნაჩვენები ტერიტორია, რომელზეც რუსულ იარაღს იერიში მიაქვს, აშშ-ის ერთ-ერთი შტატს, ფლორიდას ჰგავს.

ფოტო : BBC

 

ფოტო : BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი