ახალი ამბებისაზოგადოება

რობერტ სტურუას და სხვების ნატო -სკეპტიკური წერილი და სინამდვილე

2 მარტი, 2018 • 5310
რობერტ სტურუას და სხვების ნატო -სკეპტიკური წერილი და სინამდვილე

რობერტ სტურუას,  ქეთი დოლიძის, ელიზბარ ჯაველიძის, რეზო ამაშუკელის და სხვების სახელით ინტერნეტში ნატოს საწინააღმდეგო ღია წერილი გავრცელდა, სადაც ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ სწრაფვას აბრალებენ. ნეტგაზეთი შეეცადა გადაემოწმებინა წერილში მოცემული ინფორმაცია.

ამონარიდი წერილიდან:

“პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება, ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა”.

სინამდვილეში

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე თბილისი ნატოში გაწევრიანების განაცხადს ოფიციალურად გააკეთებდა. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, აფხაზეთში ომი 1992 წელს დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, თბილისმა 2002 წელს ნატოს პრაღის სამიტზე გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით. მართალია, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა უფრო ადრე, 1992 წელს იწყება, როდესაც ქვეყანა ნატოს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC) შეუერთდა, თუმცა თბილისი ნატოში ინტეგრაციის დაწყების თარიღად არა 1992 წელს, არამედ 2002 წელს მიიჩნევს, როდესაც ალიანსში გაწევრებაზე ოფიციალური განაცხადი გაკეთდა. ამ მოსაზრებას კიდევ ერთი ფაქტორი ადასტურებს, ნატოს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC) საქართველოზე ადრე რუსეთი შეუერთდა, 1991 წელს. კიდევ ერთი მომენტი: რუსეთი 1992 წელს დაწყებულ აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილეობას ოფიციალურად უარყოფს, თუმცა მოსკოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის კონტექსტში თავად წერილის ავტორები ახსენებენ.

ამონარიდი წერილიდან:

თუმცა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა აშშ-ის საელჩოს და მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტის, ბატონი ლუქ ქოფის შემოთავაზებამ საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოში, ალიანსის წესდების მე-5 და მე-6 მუხლების, ანუ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

სინამდვილეში

აშშ-ის საელჩო ზემოხსენებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მიხედვით, აღნიშნული მოსაზრება გამოთქვა არა აშშ-ის საელჩომ, არამედ ლუკ კოფიმ. ანალიტიკოსი ლუკ კოფი წარმოადგენს The Heritage Foundation-ს, 45 წლის წინ ამერიკაში დაფუძნებულ კვლევით ორგანიზაციას, Think Tank – ს, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციას. კოფის მოსაზრების გამო პასუხი მოსთხოვო ქვეყანას და მის საელჩოს, დაახლოებით იმას ნიშნავს, რომელიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსის მოსაზრება ოფიციალური თბილისის პოზიციასთან რომ გააიგივო.

ამონარდიდი წერილიდან

“საქართველომ, ცალმხრივად, ბოლო 30 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო ნატოსთან პარტნიორობის გამო, მიგვაჩნია, რომ მოკავშირეობა ორმხრივი უნდა იყოს, ამიტომ შემოთავაზება უკიდურესად არაკორექტულია და არ შეეფერება მოკავშირეებს შორის ურთიერთობებს.

უფრო მეტიც, გაიზრდება რისკები და სამხედრო კონფლიქტის საფრთხე დაემუქრება ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებსაც, ხოლო ასეთ შემთხვევაში როგორ დახმარებას შეიძლება ველოდოთ, ჩვენ უკვე გვაქვს 2008 წლის გამოცდილება.

ნატო სამხედრო ალიანსია, მისი წევრობა, პირველ რიგში, სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ილუზიის გამო იზიდავდა საქართველოს მოსახლეობას და თუ ეს გარანტიები არ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალზე, მაშინ საინტერესოა, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ გაწევრიანებამ ხალხს და სახელმწიფოს”.

სინამდვილეში

ანალიტიკოსების შეფასებით, ლუკ კოფის მიერ გახმიანებული იდეა საქართველოს შანსია, რომ ნატოში გაწევრება მოახერხოს რუსეთის ოკუპაციის მიუხედავად. დოკუმენტში წერია, რომ პირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმა არიან, საქართველო იმ პირობით გახდეს ნატოს წევრი, თუ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ორი რეგიონის გამო მსოფლიო ომი არ იქნება, რადგან მეხუთე მუხლის მიხედვით, ერთ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ნიშნავს, რომ ყველა წევრს დაესხნენ თავს და ნატოც კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობით პასუხობს აგრესიას. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კი საქართველოს პოზიციის მიხედვით რუსეთი უკვე დაესხა თავს და მისი ოკუპაციაც განახორციელა.

აქედან გამომდინარე, ამ იდეის მიხედვით, მეხუთე მუხლის მოქმედება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე იმ დროს გავრცელდება, როცა პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდება და ამ ორ რეგიონზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი აღდგება.

კოფის განმარტებით, ტექნიკურ და პროტოკოლის დონეზეც არ არსებობს პრობლემა და თუ საქართველოს მიღება ამ პირობით მოხდება, ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მეექვსე მუხლში შესწორება შევა. აღნიშნული მუხლი იმ ტერიტორიებს განსაზღვრავს, რასაც მეხუთე მუხლი მიემართება. მეექვსე მუხლის გადახედვის პრეცედენტიც არსებობს, როდესაც 1951 წელს ნატოს წევრი გახდა საბერძნეთი და თურქეთი.

“ეს მხოლოდ დროებით ზომა იქნებოდა მანამ, სანამ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში მშვიდობა დიპლომატიური გზით არ დამყარდება”, – წერს კოფი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ეს წინადადება მნიშვნელოვანია იმის დასადასტურებლად, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბევრჯერ თქმულა, რომ ნატოში წევრობა არა ომისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისთვის სჭირდება საქართველოს. ამას გარდა, საქართველო იქნება უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს განმეორებით სამხედრო აგრესიას.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც ყურადღებას ამახვილებს იმ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ კომპრომისული წინადადებით შევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში:

“ნატოს წევრ სახელმწიფო საქართველოს მოლაპარაკების მაგიდასთან სულ სხვა წონა ექნება რუსეთთან და სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში. დღეს ისინი საქართველოს უკან ძალას ვერ გრძნობენ, მით უმეტეს, როცა მათ რუსეთის მფარველობა აქვთ. თუ საქართველოს ძირითადი ნაწილი გახდება ნატოს წევრი, ეს აბსოლუტურად ცვლის რეალობას, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკურს, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, და საქართველოს სულ სხვა პოზიციონირების ძალა ეძლევა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის თავსატკივარი იქნება და საერთო სოლიდარობიდან გამომდინარე, წევრი სახელმწიფოებისთვის მუდმივი საკითხი გახდება”, – ამბობს კაკაჩია.

ის ადამიანები, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ ნატოს გაფართოების ისტორიაში ზუსტი არა, მაგრამ მსგავსი ანალოგი არსებობს, როდესაც 1955 წელს გერმანია ალიანსის წევრი გახდა. მაშინ გერმანია გაყოფილი იყო ორ ნაწილად – პროდასავლურ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად და პროსაბჭოურ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად. ჯერ გერმანიის დასავლური ნაწილი გახდა ნატოს წევრი, ხოლო დანარჩენი ნაწილი 1990 წელს, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ შეუერთდა ალიანსს.

ამონარიდი წერილიდან

წერილს ხელს აწერენ:

რობიკო სტურუა – რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

რეზო ამაშუკელი

ქეთი დოლიძე

ელიზბარ ჯაველიძე

თამაზ წივწივაძე – მწერალი

გოგი ქავთარაძე – საქართველოს სახალხო არტისტი

გოგი ხარაბაძე

ჯონდი ბაღათურია

თემო გოცაძე – სახალხო მხატვარი

სინამდვილეში

გოგი ქავთარაძემ განაცხადა, რომ მას ამ წერილისთვის ხელი არ მოუწერია.  თემურ გოცაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სწრაფვას დასავლეთისკენ ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, ხელი მოაწერა წერილს, რომლის ადრესატიც დიპლომატიური კორპუსი იყო, თუმცა არ უგულისხმია ის, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დასავლური გაერთიანებების წევრი.

“ვადასტურებ ხელმოწერას დიპლომატიური კორპუსისადმი გაგზავნილ მიმართვაზე. თუმცა ხელი მოვაწერე არა იმას, რომ დასავლურმა კურსმა შეაფერხა საქართველოს განვითარება, არამედ იმას, რომ საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი