“ოთხშვილიან ოჯახებზე 20-ლარიანი დახმარება ელექტროენერგიის სუბსიდირებას მოხმარდება” – ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, 4 ან მეტშვილიანი ოჯახების დახმარებას, რომელზე შეთანხმებაც ახალი კანონპროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროსთან მოხდა, ელექტროენერგიის სუბსიდირების ფორმა ექნება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, 4 ან მეტშვილიანი ოჯახების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით  12 ათასია და ელექტროენერგიის გადასახადს წელიწადში საშუალოდ 300-დან 1000 ლარამდე იხდიან. ელექტროენერგიის სუბსიდირების ფარგლებში კი ოთხშვილიანი ოჯახები წელიწადში 240 ლარის სუბსიდიას მიიღებენ, ყოველ შემდგომ ბავშვზე კი – დამატებით 120 ლარს.

როგორც დეპუტატი ამბობს, ეს ინიციატივა ოჯახებისთვის თანხის გადაცემაზე ეფექტიანი იქნება, რადგან მისი მიზნობრიობა არის განსაზღვრული. ხუნდაძის თქმით, ქვეყანაში არსებულ სხვა სოციალურ პორგრამებთან ერთად, ეს ინიციატივაც, ერთობლიობაში, გააუმჯობესებს მრავალშვილიანი ოჯახების ყოფას.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია. კანონპროექტის ავტორების თქმით, ცვლილებები დაახლოებით 12 000 ოჯახს შეეხება, რომელსაც 4 ან მეტი შვილი ჰყავს და რომელთა სარეიტინგო ქულაც 300 000-ს არ აჭარბებს.

“ჩვენი მიზანია, სამიზნე ჯგუფი გახდეს 4-შვილიანი ოჯახები და მათზე განხორციელდეს მხარდამჭერი და შვების მომცემი პროექტები. მაგალითად, ერთ ინიციატივაზე უკვე გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება, რომ ელექტროენერგიის სუბსიდირება მოხდეს. ყოველ მეოთხე ბავშვზე ოჯახმა მიიღოს 20 ლარის სუბსიდია, ყოველ შემდეგ ბავშვს კი დაემატება 10 ლარი” – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტი ასეთი ოჯახების დიდ რაოდენობას შეეხება. კერძოდ, სერვისით ისარგებლებენ 4 ან მეტშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 300 000-ს არ აჭარბებს:

“300 000 ქულამდე ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1 000-დან 3 000 ლარამდეა. ასეთი ოჯახის თვიური კომუნალური ხარჯი 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს. კანონპორექტის მიხედვით, 4-შვილიან ოჯახს სახელმწიფო [ელექტროენერგიის სუბსიდირების სახით] წელიწადში 240 ლარით დაეხმარება, ყოველ მომდევნო ბავშვზე კიდე წელიწადში 120 ლარით მეტს მიიღებენ. ჩვენ გვესმის, რომ ეს ბევრი არაა, თუმცა მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება” – თქვა ხუნდაძემ.

დეპუტატის თქმით, მიღების შემთხვევაში კანონპროექტი დაავალდებულებს მთავრობას, შეიმუშაოს ასეთი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების სისტემა და დააწესოს სხვადასხვა სერვისები. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, კანონპროექტის ფარგლებში შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან მიმდინარეობს, რათა სერვისები გაფართოვდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.